ადგილი აქვს პოლიტიკური მასკარადის დადგმას – ოქრუაშვილი დავით გარეჯზე

პროკურატურის განცხადების სიმშრალიდან გამომდინარე, მივხვდი მარტივ რამეს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური მასკარადის დადგმას, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურის მიერ დავით გარეჯთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, თუ რაიმეს დათმობა მოხდა საქართველოს ინტერესების საზიანოდ, საინტერესოა აზერბაიჯანთან რატომ არ მიდის საუბარი.

„თუ რაიმე მოხდა შეცდომა, დანაშაული მნიშვნელობა არ აქვს, მე, როგორც რიგით მოქალაქეს მაინტერესებს ერთი რამ (დავუშვათ, სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებაში იქნება აღმოჩენილი დანაშაულის ნიშნები) თუ რაიმეს დათმობა მოხდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, აზერბაიჯანთან რატომ არ მიდის საუბარი ამასთან დაკავშირებით და მათთან რატომ არ ვარკვევთ ამ საკითხებს უკან დაბრუნების თვალსაზრისით. მე, როგორც რიგითი მოქალაქე ამას ვერ ვხედავ და ვერ ვგრძნობ. თუ სააკაშვილთან მიმართებაში რამე ჰქონდათ გასარკვევი, რატომ ახსენდებათ არჩევნების წინ?! ეს ყველაფერი ხომ დღეს არ აღმოჩენილა შემთხვევით?! თან, ვერ მივხვდი, რა აღმოაჩინეს თავდაცვის სამინისტროში“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.