ადვოკატების უმრავლესობამ გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერა – შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების უმრავლესობამ საქმის მასალების გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერა.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყება მათ უკრძალავს ილაპარაკონ სიმართლე საქმის გარემოებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქმის ახალი ტომები, რომლითაც “ტოიოტა ქამრის” 5 მგზავრს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა არ გადაეცათ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლის შემდეგ არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, ეს პროცედურა ემსახურება იმას, რომ „მოესპოთ შესაძლებლობა საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე ისაუბრონ”.

„ჩვენ შევიტანეთ განცხადება, რომლითაც უარს ვამბობთ ჩავიბაროთ საქმის მასალები, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა სანაცვლოდ ითხოვს გაუთქმელობის შესახებ ხელწერილისთვის ხელის მოწერას, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი ხელწერის ხელმოწერას გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიბარებთ ამ მასალებს.

გზის მოჭრა არის ის აბსურდული ვერსია, რომელიც არაფრით არ დასტურდება და ვერ დადასტურდება სასამართლოშიც. ეს პროცედურა ემსახურება იმას, რომ მოგვესპოს შესაძლებლობა ვისაუბროთ იმაზე, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება,” – აღნიშნა ბექა ნემსიწვერიძემ.