ავტომობილის რეგისტრაციის ღირებულება თითქმის სამმაგდება

პარლამენტში უკვე შესულია მთავრობის კანონპროექტი, რომლის საფუძველზე შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების საფასური იზრდება.

პროექტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება, ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი გახდება, ასევე 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი იქნებაავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის ერთი წყვილის აღდგენის საფასური.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებების საფასურების კორექტირება სააგენტოს შემოსავალს გაზრდის, მოსალოდნელი შემოსავალი დაახლოებით 40 მლნ. ლარია, რაც როგორც უშუალოდ მომსახურების სააგენტოს, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.

“კანონის პროექტის მიღება აუცილებელია მომსახურების სააგენტოს საქმიანობის დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისთვის, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად.“–ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის განხილვას პარლამენტი ორშაბათიდან დაიწყებს.