აზოვის პოლკის ყოფილი მეთაური უკრაინაში რუსეთის დიდ შეტევას პროგნოზირებს

აზოვის პოლკის ყოფილი მეთაური მაქსიმ ჟორინი თვლის, რომ რუსეთი მეორე დიდ შეტევას განახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ. მისი თქმით, რუსი დამპყრობლები შეტევას სამი მიმართულებით დაიწყებენ.

RADIO NV-თან ინტერვიუში ჟორინმა თქვა, რომ მოსკოვი გადაწყვეტს ამ შეტევაზე, იმ დანაყოფების გაგზავნას, რომლებიც მათ მობილიზებულებისგან შეაგროვეს. ისინი არ იქნებიან კარგად გაწვრთნილი პროფესიონალი სამხედროები თუმცა იქნებიან ბევრნი.

„სანამ ჩვენ ვიცინოდით იმ ვიდეოებზე, სადაც რუსები ნასვამები არიან, ჩხუბობენ და ა.შ. ამ მობილიზებულებს წვრთნიან, მათგან ახალი დანაყოფები და იარაღები ფორმირდება“, – განაცხადა მან.

ჟორინი ამბობს, რომ რუსი დამპყრობლები აირჩევენ თავდასხმის ერთ-ერთ მიმართულებას – ხარკოვის რეგიონს, ან კიევს, ან უკრაინის დასავლეთის რეგიონებს.