აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დერეფანს გავხსნით – რუსეთი

რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის განცხადებით, 5, 6 და 7 მაისს მოსკოვის დროით 08:00 საათიდან 18:00 საათამდე გახსნიან ჰუმანიტარულ დერეფანს აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

“რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარულ პრინციპებზე დაყრდნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები 2022 წლის 5, 6 და 7 მაისს 08:00 საათიდან 18:00 საათამდე (მოსკოვის დროით) გახსნიან ჰუმანიტარულ დერეფანს ქ. აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე სამოქალაქო პირების (მუშა პერსონალი, ქალები და ბავშვები) ევაკუაციისთვის”,– ირწმუნება უწყება.

მათივე ცნობით, მითითებულ პერიოდში რუსეთის შეიარაღებული ძალები და ოკუპირებული რეგიონების ფორმირებები ცალმხრივად შეწყვეტენ საომარ მოქმედებებს.

“ქვედანაყოფები გაყვანილია უსაფრთხო მანძილზე და უზრუნველყოფენ მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანას ნებისმიერი მიმართულებით, რომელსაც ისინი აირჩევენ”,– ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აზოვსტალში რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები და უკრაინელი სამხედროები. ოკუპანტები ქარხანაზე შტურმს აგრძელებენ.