აზოვსტალი უკრაინელი მებრძოლების ნახევარზე მეტმა დატოვა – პუშილინი

ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი აცხადებს, რომ აზოვსტალის ქარხანა უკრაინელი მებრძოლების ნახევარზე მეტმა დატოვა.

„ჯერ ყველა არ წასულა, [პროცესი] მიმდინარეობს. ნახევარზე მეტი ნამდვილად უკვე წავიდა, მათ უკვე დაყარეს იარაღი და გამოვიდნენ თეთრი დროშით“, – თქვა დენის პუშილინმა დღეს რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

მან გუშინ განაცხადა, რომ აზოვსტალი არ დაუტოვებიათ უმაღლესი დონის მეთაურებს.

ცნობისთვის, აზოვსტალის ქარხნიდან უკრაინელი მებრძოლების ევაკუაცია მიმდინარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქარხანა გუშინდელი მონაცემებით 959-მა ჯარისკაცმა დატოვა. უკრაინა გეგმავს, ისინი რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალოს. პარალელურად, რუსეთის დუმას სურს, მათი გაცვლა აკრძალოს. საოკუპაციო რეჟიმი მებრძოლების გასამართლებას ითხოვს.