აიკრძალა იმ რუსი არტისტების კონცერტები, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ – Biletebi.ge

რუს არტისტებს, რომლებიც უკრაინას მხარს ღიად უჭერენ, კერძო კომპანიებმა, საქართველოში კონცერტების გამართვაზე უარი უთხრეს. ინფორმაციას ამის შესახებ Biletebi.ge ავრცელებს. კომპანია ვარაუდობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან დაუჯერებლია კერძო ორგანიზაცია, საკუთარი ინიციატივით ამბობდეს უარს შემოსავალზე და წავიდეს ასეთ რეპუტაციულ ზიანზე.

საუბარია ისეთ არტისტებზე, როგორებიც არიან: ანდრეი მაკარებიჩი და მაქსიმ გალკინი, ისინი უკრაინას მხარს ღიად უჭერენ და ემიჯნებიან რუსეთის აგრესიას.

Biletebi.ge საქარტველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

”ღია წერილი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (სამწუხაროდ ვერ ვთაგავთ):

ამ დღეებში გახდა ცნობილი რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს, რომლებზეც უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი, დარბაზის მიერ ეთქვა უარი ღონისძიების ჩატარებაზე. ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

დაუჯერებელია რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე.

ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები. გადახედეთ კომენტარებს არტისტების მომართვებზე.

თუმცა მოტივაცია მაინც ბოლომდე გაუგებარია. თუ გვეშინია კერძო კომპანიის მიერ რუსეთის ოპოზიციური არტისტების შემოშვება, რათა რუსეთში ვინმე არ გააღიზიანდეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ფეისბუქსაც ავკრძალავთ?

სენტიმენტები რომ გადავდოთ, ეს არის საკონტროლო გასროლა საკონცერტო ინდუსტრიის მიმართულებითაც. ამ 3 გაუქმებულ კონცერტს მოყვება (მოყვა) მრავალი სხვაც, რადგან აღარავინ გარისკავს ასეთ გარემოში ისედაც სარისკო ლოგისტიკაში ფულის ჩადებას. დღეს დღეისობით არტისტების 70%, ვისი ჩამოყვანაც შეიძლება იყოს კომერციულად მომგებიანი (არა სახ. დაფინანსებით, რაც საბოლოოდ კორუფციის სახეს იძენს) არის პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან. ბევრს ეს არ მოსწონს – გასაგებია. დროთა განმავლობაში გავალთ დასავლურ არტისტებზეც, თუმცა ამისთვის საჭიროა არ გავაკოტროთ და მივცეთ განვითარების საშუალება იმათ, ვინც ამ სფეროში მუშაობს.

მოკლედ, გვჭირდება ზუსტი თამაშის წესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩინოვნიკების კულუარულ აკრძალვებზე, თან ყველაზე კრიტიკულ მომენტებში მაქსიმალური ზარალის მიყენებით. გვჯერა, რომ სახელმწიფო უნდა გვეხმარებოდეს და არ გვმტრობდეს.”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.