“ვცდილობ, რეაგირება არ მოვახდინო ქართველი პოლიტიკოსების უგემოვნო და უსაფუძვლო თავდასხმებზე, მაგრამ ახლა არჩევანი არ დამიტოვეს.

მე გავიცანი ქალბატონი წულუკიანი, როდესაც ის ახალგაზრდა, დამწყები პოლიტიკოსი და იურისტი იყო. სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორი რადიკალური გახდა წლების განმავლობაში და ახლა ავრცელებს სიცრუესა და დეზინფორმაციას.

ქალბატონმა წულუკიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ მე ვიყავი და ვარ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და ვიბრძოდი ქართველი ხალხის უფლებისთვის, აერჩიათ თავიანთი მთავრობა დემოკრატიულად. ჩემი დადანაშაულება ნაციონალურ მოძრაობასთან შეთანხმებაში არის მიზანმიმართული ტყუილი, რომელსაც არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ დაიჯერებს.

ქართული ოცნების დეზინფორმაცია აღწევს კრემლის დონეს. ქართული ოცნება არ არის საქართველო, ქართული ოცნებისა და საქართველოს კრიტიკა ერთი და იგივე არ არის. ამიტომაც ვუწოდებ ჩემს თავს საქართველოს მეგობარს და არა “ქართული ოცნების მეგობარს“.  ნუ იმალებით ქვეყნის კარგი სახელის უკან და აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს წარუმატებლობებზე.

ეს არ არის “პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფი“, რომელიც აკრიტიკებს დემოკრატიულ უკანდახევას, არამედ არიან მთავარი პოლიტიკოსები, რომლებიც განსაზღვრავენ ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოს მიმართ ევროპარლამენტში და მის ფარგლებს გარეთ. შეამოწმეთ უახლესი განცხადებების ხელმომწერები, ან დაელოდეთ ევროკავშირის პარლამენტის შემდეგ რეზოლუციას საქართველოს შესახებ.

ისინი არიან იგივე პოლიტიკოსები, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ საქართველოს ინტერესებს, რომლებიც იბრძოდნენ ვიზალიბერალიზაციისთვის, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ამასობაში ქართულმა ოცნებამ მოახერხა დემოკრატიის გაუარესება და მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოს 1 წელიწადში 60-დან 89-ე ადგილზე უკანდახევა.

მე არ “ვერევი” საქართველოს საქმეებში. მე გახსენებთ თქვენ მიერ აღებული და არ შესრულებული ვალდებულებების შესახებ (19 აპრილი). თუ გინდათ, რომ სერიოზულად მიგიჩნიოთ, შეწყვიტეთ დაპირებების დარღვევა, შეწყვიტეთ საქართველოს მყიფე დემოკრატიის დაზიანება. მოაგვარეთ სასამართლო სისტემის პრობლემები, შეწყვიტეთ მიკროფონების ქურდობა, შეწყვიტეთ სიძულვილი და პოლარიზაცია.

მე ვარ საქართველოს (არა მისი მთავრობების) მეგობარი მრავალი წელია. მაშინ მასწავლეს ქართული სიბრძნე “მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო”. დროა ქართულმა ოცნებამ ისწავლოს, როგორ გაუმკლავდეს კრიტიკას და სიმართლეს, ტანტრუმების ნაცვლად”

ასე პასუხობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თეა წულუკიანის განცხადებებს.