ამერიკული მედია ეჭვობს, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა და არა ბაზრობიდან

აშშ–ს სადაზვერვო სამსახურები ამოწმებენ ვერსიას იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსი შესაძლოა მსოფლიოში ჩინეთში, უხანში მდებარე ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო. ამერიკული ტელეარხების ინფორმაციით, ანალიტიკოსები შემთხვევითობის ვერსიისკენ იხრებიან და ეჭვით უყურებენ ვირუსი ხელოვნურად შექმნისა და სპეციალურად გავრცელების ვერსიას. ამის მიუხედავად პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა ინფექციის შესახებ სრული ინფორმაცია არ გაამჟღავნა.

გამოძიების დაწყებას ამ კვირაში ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებულმა სტატიამ უბიძგა. სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკელი დიპლომატები ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოხატავდნენ ეჭვებს უხანის ლაბორატორიის უსაფრთხოების შესახებ, სადაც გამოცემის მონაცემებით სწორედ კორონავირუსების ჯგუფს იკვლევდნენ.

აშშ–ს მოკავშირეები ასეთ განცხადებებს სიფრთხილით ეკიდებიან, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ ჩინეთს უსიამოვნო კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი თვლის, რომ აუცილებელია ძალიან ღრმა ანალიზი და გაკვეთილების სწავლა, მათ შორის ეპიდაფეთქების თავდაპირველ მიზეზებთან დაკავშირებით.

“ჩვენ ამას ვერ გავექცევით. და ამ საქმეს სათავეში მეცნიერება უნდა ჩაუდგეს. უკვე ვამბობდი, რომ იმის გარკვევას, ზუსტად როგორ დაიწყო აფეთქება და როგორ უნდა აღვკვეთოთ მსგავსი რამ მომავალში, ჩვენ მთელ მსოფლიოში პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შევეცდებით, მათ შორის ჯანმოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან“– თქვა მან.

მსგავს კითხვებს ევროპის ბევრი ქვეყნის ლიდერი სვამს. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა საკუთარი ეჭვები ფაინენშელ თაიმსის ჟურნალისტებს უთხრა.

ჩინეთში კი ლაბორატორიული, თუნდაც შემთხვევითი კვალის არსებობას უარყოფენ, რომ აღარაფერი ვთქვათ განზრახ ქმედებაზე და დასავლელი ჟურნალისტების ინფორმაციებს ცილისწამებას უწოდებენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ჩაო ლიცძიანი ამბობს:

“რაც შეეხება ახალი კორონავირუსის წარმოშობას და გავრცელების გზებს, ჩინეთის პოზიცია მკაფიოა: ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სუფთა სამეცნიერო საკითხია, რომელიც მეცნიერების და გამოცდილი ექიმების პროფესიონშალურ მიდგომას მოითხოვს. ჯანმოს ხელმძღვანელმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ არ არსებობს ვირუსის ლაბორატორიული წარმოშობის მტკიცებულებები“.

ის კი არა, ჩინეთის ოფიციოზი დღემდე ხშირად ამბობს იმას, რომ ახალი კორონავირუსის გენომი მეტყველებს, რომ ის უხანში არ გაჩენილა და იქ რაღაც გზებით მოხვდა.