ამნისტიის ნაწილის თუ დავარღვევთ,”ოცნებამ” შეთანხმება შეიძლება მთლიანად დარღვეულად ჩაგვითვალოს – ვაშაძე

“ამნისტიის ნაწილის თუ დავარღვევთ,”ოცნებამ” შეთანხმება შეიძლება მთლიანად დარღვეულად ჩაგვითვალოს”- ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ენმ-ის თავჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის მზადაა, ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს, თუ ამნისტიას გაითხოვენ. ვაშაძე, აცხადებს, რომ  ამნისტიის პუნქტი, შეთანხმების ნაწილია, ამიტომ ერთი ნაწილის დარღვევის შემთხვევაშიც კი, შეიძლება, ქართულმა ოცნებამ შეთანხმება მთლიანად დარღვეულად ჩათვალოს. ამის შესახებ მან TV ”პირველის” ეთერში ისაუბრა.

“ამნისტია არ არის მელიას პასუხისმგებლობა, ამნისტია არის ჩვენი, ვინც ხელი მოვაწერეთ, მათი პასუხისმგებლობა. ნებისმიერი მცდელობა, რომ პასუხისმგებლობა მისკენ გადაიტანოს ვინმემ, ეს არის ამორალური, არასწორი და არც უნდა გადაიტანოს არავინ. ეს აბსოლუტურად კარგად მაქვს გააზრებული, რომ მე როგორც პოლიტიკოსი ვიღებ ამ პასუხისმგებლობას. უფრო მეტიც, ციხეში მჯდომი ადამიანისთვის ნამდვილად წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ახლა განცხადება გააკეთოს, რომ ამნისტიით გამომიყვანეთო. არ მგონია, სწორი იყოს და მეც ასე მოვიქცეოდი.

მაგრამ მე ხომ ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს, როცა ამ საქმეს ვუყურებ, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გირაოს თუ დათანხმდება, ის 3 დღეში გამოვა, შემოვა პარლამენტში და იქ შეგვიძლია ამნისტიაზეც ერთად ვიმსჯელოთ, მაგრამ ამნისტია არის შეთანხმების ნაწილი და თუ ერთ ნაწილს დავარღვევთ ამ შეთანხმებისა, შეთანხმება შეიძლება მთლიანად დარღვეულად ჩაგვითვალოს ქართულმა ოცნებამ. ნამდვილად არ მინდა, ამდენი მიღწევები სხვა საკითხებში რაც გვაქვს, გადავყაროთ”, – განაცხადა ვაშაძემ.