ამ პარლამენტს აღარაფერი ეშველება, უკვე კარიკატურაა – ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი” ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციის არცერთ შეთავაზებაზე არ დათანხმდა.

“ოპოზიცია ითხოვდა ვადამდელ არჩევნებს, ვადამდელ არჩევნებზე თქვეს არაო. ამის შემდეგ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ კაი ვადამდელი თუ არა, რამე სხვა ალტერნარივა განვიხილოთ, მაგალითად პლებისციტი. მათ შორის, გირჩსაც ჰქონდა სხვა პაკეტი, რაზეც თუ ოპოზიცია დაგვთანხმდებოდა, შეიძლება, ყოფილიყო ისიც. მაგრამ არაფერზე ისინი თანახმა არ არიან და სადამდე შეიძლება, უკან დაიხიო. რადგან ხელისუფლება არ მოდის ამაზე, კარგი მაშინ, ამაზე ვარ თანახმა, თუ ამაზეც არ მოდის ხელისუფლება, მაშინ, ესეც არ გვინდა და ესე, სადამდე შეიძლება?!”,– თქვა ჯაფარიძემ ფორმულასთან საუბრისას.

მისი თქმით, არსებული პარლამენტი კარიკატურაა და მას აღარაფერი ეშველება.

“ჩიხი კი არა ღრმა კრიზისია. პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლა ამ კრიზისს ვერაფერს უზამს, ჩემი აზრით. ერთი, რომ ამ პარლამენტს ჩემი აზრით, არაფერი აღარ ეშველება, ეს პარლამენტი უკვე არის კარიკატურა, შემდგარი ფაქტია. კრიზისი იმის გამო კი არ არის, რომ პარლამენტში ოპოზიცია არაა, კრიზისი არის ადამიანებში, იმაში, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტმა ოცნების ხელისუფლებას უთხრა “არა” და ისინი მაინც დარჩნენ”,– განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.