ანაფილაქსური შოკი ყველა ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტია, მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას- ზურაბ გურული ახალციხელ ექთანზე

აშშ–ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ეშინია რითი, ახალციხის ექთანის შემთხვევის ამბავს ეხმაურება. მისი თქმით, ახალციხეში მომხდარი შემთხვევა, ანაფილაქსური შოკი, ყველა ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტია და მისი განვითარება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, ვაქცინის უხარისხობას.

“1. ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას.

2. ანაფილაქსური შოკის სტანდარტული მკურნალობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადრენალინი.

3. არსებობს ასევე იშვიათი შემთხვევები, როდესაც ანაფილაქსური რეაქცია არ ემორჩილება ადრენალინით მკურნალობას.
მაშინ მართვითი სუნთქვა და სხვა მედიკამენტებია საჭირო, მათ შორის სტეროიდები.

4. გართულებული და ადრენალინის მიმართ რეზისტენტული ანაფილაქსური რეაქცია რთული სამართავია, მაგრამ აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში დადებითად სრულდება და არ ახლავს ფატალური შედეგი.

5. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ რეანიმატოლოგთა გამოცდილი გუნდი წარმატებით გაუმკლავდება ამ გამოწვევას.

6. წარმოუდგენელი უზნეობაა ( სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან კი არაპროფესიონალიზმი ) ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი, რადგან ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია მასიური ვაქცინაციების დროს.

7. სრული მხარდაჭერა და საუკეთესო სურვილები პაციენტსა და მის ოჯახს.”- წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.

დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. ახალციხის კლინიკა „იმედში“ ხმაურია. ადგილობრივი მედიასაშუალების, „სამხრეთის კარიბჭის“ინფორმაციით, ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კლინიკის ერთ-ერთი ექთანი კომაში ჩავარდა.ექთნის ოჯახის წევრებმა კლინიკის ფანჯრები ჩაამტვრიეს, დაზიანებულია ინვენტარიც. ექთნის კომაში ჩავარდნის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.