ანომალური სიცხე და მსხვერპლი კანადაში. რომელ ქვეყნებს ემუქრება ტემპერატურის მატება

ათობით ადამიანი გარდაიცვალა კანადაში უპრეცედენტო სიცხის გამო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ბრიტანული კოლუმბიის პროვინციის ტერიტორიაზე ტემპერატურა 4 დღის მანძილზე იზრდებოდა და სამშაბათს 49.5 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

მხოლოდ ვანკუვერში, რომელიც პროვინციის უმსხვილესი ქალაქია, პარასკევის შემდეგ ტემპერატურის ზრდის გამო სამასამდე გარდაცვალებაა დარეგისტრირებული. გარდაცვლილთა უმრავლესობა ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმული ადამიანები არიან.

პროვინციის ხელმძღვანელმა, ჯონ ჰორგანმა განაცხადა, რომ ამ ადგილებში ასეთი სიცხე არასოდეს ყოფილა. მისი თქმით, ცალკეული ოჯახები და მთელი თემები უკვე შეეჯახნენ ამ ანომალიის შემზარავ შედეგებს.

ქალაქ ლიტონში, სადაც განსაკუთრებული სიცხეა, ბრიტანული კოლუმბიის პროვინციისთვის უკვე მესამე აბსოლუტური რეკორდი დამყარდა: კვირას თერმომეტრი ადგილობრივ მეტეოსადგურზე 46.6 გრადუსს უჩვენებდა, ორშაბათს 47.5 გრადუსს, სამშაბათს კი დღის მეორე ნახევარში 49 გრადუსს გადაცდა.

ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც კი ამ რეგიონში ოდესმე დაფიქსირებულა 44 გრადუსი იყო, რაც 1941 წელს მოხდა.

საგანგებო სიტუაციის გამო რეგიონში ბევრი დაწესებულება, მათ შორის სკოლები და საბავშვო ბაღები დაიხურა.

ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ გარდაცვლილების შესახებ მონაცემები ჯერჯერობით საბოლოო არ არის. კანადაში გარდაცვალების შემთხვევებში გამოძახებებზე ხშირად ჯერ პოლიცია გადის, ამიტომაც გარდაცვალების მიზეზების შესახებ სამედიცინო დასკვნები მოგვიანებით კეთდება.

ექიმები ამბობენ, რომ ასეთ მოკლე დროში ამდენი სიკვდილის შემთხვევა არ ახსოვთ.

მათი თქმით, ადამიანები ხანდაზმული ახლობლების სანახავად მიდიან და მათ სახლში გარდაცვლილს პოულობენ. კანადის დასავლეთით ბევრ დასახლებულ პუნქტში პოლიციის დამატებითი ძალები გაიგზავნა.

ხალხი ცდილობს სახლებიდან არ გავიდეს, მაგრამ ბრიტანულ კოლუმბიაში როგორც წესი შენობებში კონდიციონერი იშვიათია, რადგან აქ როგორც წესი, ზაფხულში ტემპერატურა 30 გრადუსს არ აჭარბებს.

ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს დროებითი შადრევნები და სარწყავი სისტემები მოაწყოს. გახსნილია ე.წ. გაგრილების ცენტრებიც – ცარიელი საქალაქო შენობები კონდიციონერებით, სადაც ადამიანები უბრალოდ გასაშლელ საწოლებზე ან იატაკზე წვანან.

კანადის მეტეოსამსახურები მსგავსი სიტუაციისთვის მომზადებას ურჩევენ ალბერტას, მანიტობას, სასკაჩევანის პროვინციების და ჩრდილო–დასავლეთ ტერიტორიების მაცხოვრებლებს.

ექსპერტები თვლიან, რომ კლიმატური ცვლილებების გამო მსოფლიო სულ უფრო ხშირად შეეჯახება მსგავს მოვლენებს, თუმცა აღიარებენ, რომ ძნელია ყოველი ცალკეული მეტეოროლოგიური სამსახური კლიმატის გლობალურ ცვლილებებს დაუკავშირო.

მათი თქმით, ანომალური სიცხე, რომელიც ახლა კანადას დაატყდა თავს სავარაუდოდ ბრიტანეთამდე მიაღწევს, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ზოგიერთ განვითარებად ქვეყანას ემუქრება. კლიმატის ფიზიკის პროფესორი, ტიპ პალმერი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, რომელიც კლიმატური ცვლილებების მოდელირების პროგრამაზე მუშაობს ამბობს, რომ ამ  ქვეყნებს არა მხოლოდ მაღალი ტემპერატურები, არამედ ტენიანობის მაღალი დონეც ემუქრება, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმს გადარჩენა უბრალოდ არ შეუძლია.

“მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს აუცილებლად მოხდება, და უნდა ვიფიქროთ, როგოორ დავეხმარებით ამ ქვეყნებს.“– ამბობს ის.

მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ბოლო დღეების განმავლობაში აშშ–ში, კერძოდ ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, კოლუმბიის ოლქსა და მერილენდშიც ფიქსირდებოდა.

ბოლო დღეებში, სხვადასხვა შტატში ტემპერატურა 46-48 გრადუსს შეადგენდა, ტენიანობის მაჩვენებელი კი 60-დან 80 პროცენტამდე მერყეობდა, რაც რეკორდულად დიდი მაჩვენებელია.

ამერიკის დაავადებათა და კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მიმართავს და რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს.

„სიდისი“ ზრდასრულ ადამიანებს ურჩევს, ყურადღებით დაკვირდნენ სხვადასხვა სიმპტომებს – მათ შორის, სიცხისგან გამოფიტვას, რომლებიც მოიცავს ძლიერ ოფლიანობას. სიმპტომებს შორისაა ცივი, ფერმკრთალი და მყიფე კანი; სწრაფი, სუსტი პულსი; გულისრევის შეგრძნება ან ღებინება; კუნთების სპაზმი; დაღლილობა; თავბრუსხვევა, თავისტკივილი. ცენტრის რეკომენდაციებით, თუ ამ სიმპტომებს შენიშნავთ, უნდა დალიოთ წყალი, შეეცადოთ გრილ ადგილზე ყოფნას, შეეცადეთ მიიღოთ გრილი აბაზანა ან სხეულზე სველი ტილოები დაიფინოთ.