ანჯელინა ჯოლი პანდემიის დროს გახშირებულ ოჯახურ ძალადობას ღია წერილს უძღვნის

ანჯელინა ჯოლიმ საყოველთაო თვითოზოლაციის პერიოდში ოჯახური ძალადობის აქტუალურ თემაზე გაამახვილა ყურადღება. მსახიობმა Time–ში ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც პანდემიის ფონზე ბავშვების უსაფრთხოების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ბევრ ქვეყანაში კორონავირუსთან საბრძოლველად მიღებულმა ზომებმა ოჯახური ძალადობის შემთხვევების რიცხვი გაზარდა. ოჯახებში სასტიკი მოპყრობის მაშტაბი განსაკუთრებით  ჩინეთში და ევროპაში გაიზარდა. გენდერული ძალადობა ყოველთვის არსებობდა, თუმცა COVID-19–ის კრიზისმა სიტუაცია გაართულა.

ჯოლი ამბობს, რომ ღარიბი ოჯახების ბავშვები ახლა განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან.

“მსხვერპლის იზოლაცია ოჯახისგან და მეგობრებისგან – ბოროტმოქმედის მხრიდან კონტროლის კარგად ცნობილი ტაქტიკაა. აქედან გამომდინარე, კორონავირუსის გავრცელების შეჩერებისთვის აუცილებელი სოციალური დისტანცირება ხელს შეუწყობს ფსიქოლოგიური ტრავმების ზრდას და ბავშვების ტანჯვას“ –ამბობს ვარსკვლავი და ხაზს უსვამს სოციალური კონტაქტის მნიშვნელობას მათთვის, ვინც ოჯახური ძალადობა გადაიტანა.

“ბავშვებთის მიმართ სასტიკი მოპყრობის შემთხვევებში ბავშვთა დაცვის სამსახურებში როგორც წესი, მესამე პირები რეკავენ, როგორებიც არიან მასწავლებლები, ინსტრუქტორები, არასასკოლო პროგრამების კოორდინატორები და მწვრთნელები. ახლა კი ეპიდემიის გამო სკოლები დაკეტილია, ბავშვები კი გარე სოციალური მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ. მნიშვნელოვანია, რომ გამოვიჩინოთ ძალისხმევა და ბავშვებს საჭირო დაცვა და ზრუნვა არ მოვაკლოთ. ისინი ამას იმსახურებენ“– წერს ჯოლი.  მისი აზრით მნიშვნელოვანია შესაბამისი სამსახურები მუდმივად იყვნენ კონტაქტზე იმ ოჯახებთან, სადაც ძალადობის მსხვერპლნი ცხოვრობენ და საჭიროების შემთხვევაში საქმეში სასწრაფოდ ჩაერთონ სპეციალისტები.

კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან მალევე ანჯელინა ჯოლიმ მილიონი დოლარი შესწირა საქველმოქმედო ფონდს. მან გადაწყვიტა ბავშვებს დახმარებოდა, რომლებიც სკოლებშის დახურვის გამო ყოველდღიური ცხელი საკვების გარეშე დარჩნენ.