არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია შეზღუდვების სისტემის შემუშავებაში–ზურაბ გურული

აშშ–ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის შეზღუდვების სისტემის შემუშავებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ზურაბ გურული ბოლო დროს საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე რამდენჯერმე ჩაერთო. სამშაბათს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ზურაბ გურულმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს .ასეთი რამ კი მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ეს ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის პრობლემაა, ამიტომ, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სექტორისთვის გარკვეული ჟანგბადის მიცემის ერთადერთი გზა შეზღუდვების გამკაცრებაა.

მოსალოდნელი შეზღუდვების გამკაცრების შესახებ ინფორმაცის ვნებათაღელვა მოჰყვა სოციალურ ქსელებში. სავარაუდოდ ხელისუფლება დეკემბრის ბოლომდე დიდ ქალაქებში მკაცრ შეზღუდვებს , მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებასაც გეგმავს.

ზურაბ გურული ფეისბუქზე წერს, რომ დაავადების გავრცელების უკონტროლოდ მიშვება, უახლოეს პერსპექტივაში საქართველოში გამოიწვევს ადამიანთა მსხვერპლის მკვეთრ ზრდას

“ვინაიდან მედიასა და სოციალურ ქსელებში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება ჩემი მონაწილეობის შესახებ სამთავრობო სხდომებში, თავს ვალდებულად ვთვლი განვაცხადო შემდეგი:
1. არ შემიცვლია ჩემი კრიტიკული შეხედულებები საქართველოში ეპიდემიის მართვასთან დაკავშირებით და ყველა ჩემი წინანდელი განცხადება ძალაშია.
2. არ ვარ და არც ვიქნები ქვეყნის ტოტალური ჩაკეტვის, ე.წ. „ლოქდაუნის“ მომხრე და მიმაჩნია, რომ საქართველოს განუვითარებელ ეკონომიკას „ლოქდაუნი“ ისეთ გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს, მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა შორეულ პერსპექტივაში, აღმატებული იქნება ეპიდემიით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე.
3. საქართველოს მთავრობისაგან ოფიციალურად მიღებულ, ობიექტურ ინფორმაციაზე, ასევე ჩემთვის ცნობილ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით; სოციალური ქსელებიდან და პირადი კონტაქტებით მიღებული მონაცემებით და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორი ამჟამად იმყოფება არსებული ტევადობის ამოწურვის ზღურბლზე; მიმაჩნია, რომ აუცილებელია შეზღუდვების დროებითი, მიზანმიმართული გამკაცრება, რათა დაავადების გავრცელების ტემპი შემცირდეს.
4. სამეცნიერო ლიტერატურასა და პანდემიის გავრცელების მათემატიკურ მოდელებზე დაყრდნობით, მიმაჩნია, რომ დაავადების გავრცელების უკონტროლოდ მიშვება, უახლოეს პერსპექტივაში საქართველოში გამოიწვევს ადამიანთა მსხვერპლის მკვეთრ ზრდას, რომლისგან გამოწვეული ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური ეფექტები დამანგრეველი იქნება მთელი ქვეყნისათვის.
5. არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია შეზღუდვების სისტემის შემუშავებაში; მხოლოდ გავეცანი მზა ვერსიას. გადაწყვეტილების მიღება კონკრეტული დეტალების შესახებ იყო და არის ქვეყნის ხელმძღვანელობის პრეროგატივა.
6. მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სფეროს მაქსიმალური, ეფექტური ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის გარეშე კრიზისული სიტუაცია გაგრძელდება ძალიან დიდხანს, რაც შესაბამის გავლენას მოახდენს როგორც საერთო სიკვდილიანობაზე, ასევე ეპიდემიით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობაზე.
7. როგორც ადამიანი, მოქალაქე და პროფესიონალი ექიმი მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ ეროვნულ პოლიტიკურ ძალასთან, იქნება ეს მთავრობა თუ ოპოზიცია, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას.“– წერს ზურაბ გურული.