“არანაირი წყენა საქართველოზე და ქართველებზე არ მაქვს“–პოზნერი(ვიდეო)

კრემლთან დაახლოებულმა რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა, რომელსაც საქართველოში 1 აპრლის კვერცხები დაუშინეს, თბილისში მომხდარ ინციდენტზე.  რუსულ ტელეარხ ოერტეზე საკუთარ გადაცემაში ილაპარაკა. პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად 40 თანმხლებ პირთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა სამოქალაქო პროტესტის შემდეგ იძულებული გახდა ქვეყანა დროზე ადრე დაეტოვებინა. ამ ინციდენტის შესახებ მან მეორე დღეს მოკლედ საკუთარ ვებგვერდზე დაწერა, მედიას კი ვრცელ კომენტარებზე უარი უთხრა. თუმცა, მოგვიანებით გადაწყვიტა საქართველოში მომხდარზე საკუთარ გადაცემაში ესაუბრა:

“მე როგორც მესმის, საქართველოში სასოწარკვეთილი პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს და ოპოზიციამ ჩემი ჩასვლა გამოიყენა, რომ ერთგვარი შაბაში მოეწყო. გაიხსენეს ჩემი სამი წლის წინანდელი გამონათქვამი აფხაზეთის შესახებ. რათა თავისი ხმა გაეგონებინათ ჩემი ავტობუსისთვის კვერცხების სროლით(როგორც ჩანს, ქათმის კვერცხები საკმარისად აქვთ),შემდეგ ჩვენი რესტორნის კედლებზე ბრახუნით, და ჩვენი სასტუმროს აივნების ქვეშ დგომით, ყვირილით, სტვენით. და მე მივიღე გადაწყვეტილება წამოვსულიყავი. რატომ უნდა დამეყენებინა საფრთხის ქვეშ ჩემი მეგობრები. დავბრუნდით მოსკოვში და შესანიშნავად ვიზეიმეთ ჩემი დაბადების დღე. მინდა ძალიან ცხადად ვთქვა: არანაირი წყენა საქართველოზე და ქართველებზე არ მაქვს. თანაც, მე საპატიო კახელი ვარ და რა თქმა უნდა, საქართველოში აუცილებლად ჩავალ ისევ. რაც შეეხება კვერცხის სროლის მოყვარულებს, განსაკუთრებით თუ ამაში ფულს იხდიან, ასეთი ადამიანები ყველა ქვეყანაში არსებობენ. არა მხოლოდ საქართველოში, და როგორც ჩემს საიტზე აღვნიშნე, სინამდვილეში ისინი ყურადღების ღირსნი არ არიან.“– ამბობს პოზნერი.