არასამთავრობოებისა და გირჩელების რჩევებს უსმენთ, ეს გწამლავთ – დეკანოზი დავით ნოზაძე მრევლს

დეკანოზმა დავით ნოზაძემ ქადაგებისას პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მან მრევლს უთხრა, რომ არასამთარობო ორგანიზაციები და პარტია გირჩის წევრები მათ “წამლავენ”.

ამის არგუმენტად დეკანოზი აცხადებს, რომ მრევლი რასაც 10 წლის წინ ფიქრობდა, იმავეს აღარ ფიქრობს, შეეცვალათ როგორც აზრები, ისე ჩაცმულობის სტილი.

“რომ გკითხოთ, ხომ არ მეგობრობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც წლებია ჩვენ ერს წამლავენ. იტყვით – არა. ან ხო არ მეგობრობთ გირჩელებთან, რომლებმაც არასამთავრობოებსა აჯობეს. შეწუხდებით – არა… მაგრამ მათ რჩევებს უსმენთ, ტელევიზორიდან და ეს ნელ–ნელა გწამლავთ. თუ დააკვირდებით თქვენ თავს, 10 წლის სხვანაირად ფიქრობდით, ახლა სხვანაირად ფიქრობთ, განა სახარება გამოიკვლიეთ და წინ წახვედით, პირიქით, ისეთ რამეებს ამართლებთ, რასაც გამართლება არ აქვს”,– ამბობს დეკანოზი.

მან მრევლი ქალები ჩაცმულობის გამო გააკრიტიკა და უთხრა, რომ ისინი იმ ტანსაცმელს იცვამენ, რაც მოდაშია.

“ტაძარში ქალებმა იცით როგორ უნდა ჩაიცვათ?! მაგრამ გავლენას ახდენს მაინც ის მოდა და იქითკენ მიგიწევთ გული. ქრისტე გეუბნება ასე გააკეთეო და თქვენ მაინც უსმენთ იმას, რაც ღვთისგან არ არის. ეს არის მოდაში და ეს უნდა ჩავიცვა.. და ის სწორია რაც გაცვია?”,– განაცხადა დეკანოზმა დავით ნოზაძემ.

მანვე დედებს მოუწოდა, შვილები იმ ზომის ტანსაცმლით არ ატარონ, “როგორითაც ძინავთ”, რადგან “ტანტალს თუ მიეჩვია, იტანტალებს მთელი ცხოვრება”.