“არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი სათქმელი“– გუბაზ სანიკიძე ამერიკის ელჩს ბოდიშს უხდის

გუბაზ სანიკიძემ ამერიკის საელჩოს მთავარი არხის ეთერში ბოდიში მოუხადა:

“მინდა ერთი განცხადება გავაკეთო. გუშინ ტვ პირველზე ვიყავი და არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება ამერიკის საელჩოსთან დაკავშირებით. არასწორი მოსაზრება გამოვთქვი, არასწორად ჩამოვაყალიბე აზრი. ამიტომ ბოდიში მინდა მოვუხადო ამერიკის საელჩოს, ქალბატონ ელჩს და მინდა და დავადასტურო ჩემი უღრმესი პატვისცემა შეერთებული შტატების მიმართ, საქართველოში საელჩოს უკიდურესად პოზიტიური როლის მიმართ, რომელიც უკვე 30 წელია იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას. თუ სურვილი ექნებათ მზად ვარ შევხვდე საელჩოს წარმომადგენლებს და ჩემი ახსნა განმარტება გავაკეთო.“–თქვა გუბაზ სანიკიძეს.

საქმე ეხება მის მიერ გუშინ, ტვ პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ამერიკის საელჩო ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს უსმენს:

„20 ივნისის ღამეს, ზუსტად 13 წუთით ადრე გამოვიდა ბახტაძე და თქვა, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვართ და ჩვენ არ ვესვრით რეზინის ტყვიებს. ზუსტად 13 წუთში სროლა დაიწყო. ჩემი ვერსიით, ეს 13 წუთი ზუსტად ის დროა, რამდენიც დასჭირდა ანზორ ჩუბინიძეს, რომ ჩამოსულიყო ბიძინას რეზიდენციიდან, რადგან ბიძინა ტელეფონით არ გასცემდა ამ ბრძანებას. ეს გამორიცხულია, რადგან დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო მის საუბრებს ისმენს. ეს კანონიერია თუ უკანონოა, არ ვიცი. ისმენს, მუშაობენ ისე. ის არ დატოვებდა ფაქტს სატელეფონო საუბარში, რომ ესროლეთო. გამოუშვა ანზორ ჩუბინიძე და ანზორ ჩუბინიძემ გასცა“, – განაცხადა სანიკიძემ.

ამ განცხადებაზე დღეს კომენტარი გააკეთა აშშ–ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა:

„ეს არის აბსურდი. დავინტერესდები, თუ რა არის ამგვარი ბრალდებების საფუძველი, რაც პრაქტიკულად ტყუილია“, – განაცხადა დეგნანმა.

ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან.

სანიკიძის ყოფილმა თანაგუნდელმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქზე დაწერა:

„ეს ბიჭი ჩვენთან აღარაა „დიდი ხანია“ და ვისთანაცაა, ურჩიეთ, ასეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლითმეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს“.

“დარწმუნებული ვარ, გუბაზ სანიკიძის განცხადებას მოჰყვება როგორც ქართველი ჯანსაღი პოლიტიკოსების მხრიდან რეაქცია, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“–განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

„სისულელეებს შორის, ზოგი კარგი გასართობი სისულელეც არის და ეს კარგი გასართობი სისულელეა“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

“ეს სკანდალური განცხადებაა. თვითონ ამ განცხადების წყარო იმდენად უმნიშვნელოა პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ შეიძლება, ამას ყურადღება არც მივაქციოთ, მაგრამ მაინც მგონია, რომ აშშ-ს წარმომადგენლობამ რაღაც დონეზე პასუხი მაინც უნდა გასცეს ამ სისულელეს” – განაცხადა გია  ვოლსკიმ.