შეიძლება ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა – ბაჩალიაშვილის დედა

23 წლის გარდაცვლილი გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს და ვარაუდობს, რომ თავის შვილს შესაძლოა, ისეთ ინფორმაციაზე ჰქონოდა წვდომა, რომელიც მას არ უნდა სცოდნოდა.

„მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. წინა კვირასაც გამოცდა ჩააბარა და დეასთან ერთად ეძებდა მეორე სამსახურს და რატომ მოიკლავდა თავს?!

არავინ არ მაყენებს საქმის კურსში. ძებნისასაც ვიხვეწებოდი, რომ გამაგებინეთ, მეც იქნებ რაღაცაში გამოგადგეთ და არაფერს აღარ გამოვრიცხავ უკვე.

შეიძლება უშუალოდ სამსახურში არა, მაგრამ ეს ბავშვი იმდენად ნიჭიერი იყო, იქნებ სხვა რამეში შეაღწია და ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა“, – აცხადებს თეონა თამაზაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში.

ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ პოლიციამ ბაჩალიაშვილის ლეპტოპი გვიან წაიღო გასახსნელად.

„უკვე აღარ ვენდობი გამოძიებას, თავიდანაც თამუნას კომპიუტერზე ვეხვეწებოდი, წაიღეთ და გახსენით-მეთქი, მაგრამ არ მიჰქონდათ. არავინ არ მოსულა მიხეილ რამიშვილის გარდა, საერთოდ არც დაინტერესებულან“, – ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.