არაფრისმომცემი სტატუსის მინიჭებისთვის, მოლდოვა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირეს – ხუნდაძის, სუბარის და ყაველაშვილის ერთობლივი განცხადება

“კანდიდატის არაფრისმომცემი სტატუსის მინიჭებისთანავე, მოლდოვამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც ჩანს, მოლდოვას ეს პირობა წინასწარ დაუყენეს და ქვეყანა, პრაქტიკულად, არაფრის სანაცვლოდ, სულ მცირე, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირეს.” – ამის შესახებ, ნათქვამია  სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის ერთობლივ განცხადებაში.  სამივე მათგანმა, გუშინ, ფრაქცია “ქართული ოცნება”  და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

“ვხედავთ, რომ კანდიდატის არაფრისმომცემი სტატუსის მინიჭებისთანავე, მოლდოვამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც ჩანს, მოლდოვას ეს პირობა წინასწარ დაუყენეს და ქვეყანა, პრაქტიკულად, არაფრის სანაცვლოდ, სულ მცირე, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირეს.

როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია. საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. სრულიად უპრეცედენტო 6-თვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელდეს. უკრაინა და მოლდოვა, როგორც ვიოლა ფონ კრამონი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობენ, 30-წლიან მოსაცდელში თუ შეუშვეს, ჩვენ არც ამ მოსაცდელში შეგვიშვებენ, რათა გრძელვადიან რევოლუციურ სცენარს აქტუალობა შეუნარჩუნონ.

მიგვაჩნია, რომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ამისათვის, საზოგადოებას თანდათანობით მივაწვდით ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება. რა თქმა უნდა, გარკვეულ დონზე რაღაცეებს ჩვენც გავუფრთხილდებით და ამ ინფორმაციას დოზირებულად გავასაჯაროებთ.” – ნათქვამია განცხადებაში.

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებენ