არჩევნებამდე ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა, ვიღაცამ სამშობლოს უღალატა?! – ბურჯანაძე დავით-გარეჯზე

” არჩევნებამდე 31 დღით ადრე, უცებ, ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ სამშობლოს უღალატა?! – უსინდისოდ დადგმული სცენარია”- ეს განცხადება  „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დავით გარეჯის საკითხზე გააკეთა

„ბიძინა ივანიშვილის გუნდი 8 წელია ხელისუფლებაშია და გინდათ მითხრათ, რომ არჩევნებამდე 31 დღით ადრე, უცებ ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ სამშობლოს უღალატა?! მართლა დებილები გგონივართ? ხელისუფლებას მივმართავ, თქვენ რა გგონიათ, ხალხი ვერ აზროვნებს და ვერ ხვდება, რომ ეს უსინდისოდ დადგმული სცენარია?! თუ დასაჭერი იყო ამდენი ხანი სად იყავით, თუ მიწები აჩუქა გინდ აზერბაიჯანს, გინდ სომხეთს და რუსეთს, რა პიჯაკებზე აღძარით საქმე. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. სააკაშვილის დაცვის არავითარი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თავზე უნდა დაგვამხონ ყველაფერი და იფიქრონ, თითქოს ვერაფერს ვხვდებით. ის ხელისუფლება ნამდვილად არ არის ხელისუფლებაში ყოფნის ღირსი, რომელიც ფიქრობს, რომ ასე მასხრად შეიძლება ხალხი აიგდო და ათამაშო“,-აცხადებს ბურჯანაძე.

„ეს არის მატყუარა ხელისუფლება, რომელიც ყოველთვის იხსენებდა ჟვანიას გარდაცვალების საკითხს არჩევნების წინ, 26 მაისი ახსენდებოდათ არჩევნების წინ, ასევე ახალგაზრდების ტრაგიკული გარდაცვალებები იმიტომ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არავითარი მორალი არ აქვს. ამ ხელისუფლების მთავარი მორალი არის ფული და ძალაუფლება. მათთვის მთავარია, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება“,-აცხადებს ბურჯანაძე.