არჩევნების II ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე – ISFED

„სამართლიანი არჩევნები“(ISFED) არჩევნების მეორე ტურს აჯამებს და აცხადებს, რომ არჩევნების დღეს გამოვლენილი პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები  ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.

მათი შეფასებით, არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

“კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობისა და მარკირების შემოწმების/გაკეთების პროცედურების დარღვევების ფაქტები. ასევე, დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებთან და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა. სამწუხაროდ, დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფისა და მათზე ზეწოლის შემთხვევებს.

Რაც შეეხება ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს, ორგანიზაციას ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოუვლენია. თუმცა, დაფიქსირდა ბიულეტენების  არასწორად ან/და სავარაუდოდ მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები.

არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე”,– წერია ISFED-ის ანგარიშში.