არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან – ივანიშვილი

მოგმართავთ თქვენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ოცნების ვეტერანებს და ახლად შემოერთებულ ჯარისკაცებს – ხვალ არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და ყოველმიზეზგარეშე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს. მისივე თქმით, არჩევნებზე მისვლა ეს ჩვენი ვალია ქვეყნის, მისი მომავლის და ერთმანეთის წინაშე.

„დღეს, ემოციურად დატვირთული საარჩევნო კამპანიის მიწურულს, კვლავ მახსენდება 2012 წლის ის ბობოქარი დღეები, როდესაც ერთ მუშტად შეკრულებმა, ერთად გავაკეთეთ ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ, უარი ვუთხარით ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებულ რეჟიმს და მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ სამიათასწლოვანი ისტორიის მქონე, თავისუფლებისმოყვარე, ღირსების მატარებელი ხალხი აღარასოდეს შეეგუება ძალადობას და უსამართლობას.

ამიტომ მოგმართავთ თქვენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, “ოცნების” ვეტერანებს და ახლად შემოერთებულ ჯარისკაცებს – ხვალ არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და ყოველმიზეზგარეშე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. ეს ჩვენი ვალია ქვეყნის, მისი მომავლის, ერთმანეთის და რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, იმათ წინაშეც, ვინც ხვალ სხვა პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.

“ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით, რაც დემოკრატიის პირობებში სავსებით ნორმალურია”, – განაცხადა ივანიშვილმა.