არცერთ ოპოზიციურ ფრაქციაში შესვლას არ ვაპირებთ – “მოქალაქეები”

პარტია მოქალაქეები არცერთ ფრაქციაში შესვლას არ გეგმავენ. ალეკო ელისაშვილის თქმით, მას და ლევან იოსელიანს პრივილეგიები არ აინტერესებთ.

“მე და ლევან იოსელიანი არც ერთ ოპოზიციურ ფრაქციაში შესვლას არ ვაპირებთ, ვართ დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია და ასე გავაგრძელებთ საქმიანობას. საკმარისი ბერკეტები გვაქვს საქმიანობის წარმართვისთვის. თანამდებობები, მანქანები, პრივილეგიები, მეტი ხელფასი ჩვენ არ გვეხარბება და არც გვაინტერესებს. ბევრი მიზეზია, რის გამოც ფრაქციის სხვასთან ერთად შექმნა არ გვაინტერესებს. ამის მიზეზია მსოფლმხედველობრივი სხვაობა და ა.შ. მომდევნო მოწვევის პარლამენტამდე ასე ვიქნებით” – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტში პირველი ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” შეიქმნა. მასში ლელოს წევრებთან ერთად შევიდნენ სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, “სტრატეგია აღმაშენებელი” მეორე ფრაქციის შექმნაზე მუშაობს.