არც მშენებლობა შეიძლება, არც ხის მოჭრა – ღარიბაშვილის ცოლის ძმა ტყეზე

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი ბაკურიანში ნუნუ თამაზაშვილისთვის 5 958 კვადრატული მეტრი ტყის 49 წლით იჯარით გადაცემას უსაფრთხოების მოტივით ხსნის.

მისი თქმით, ამ ტყის ფართობზე არც მშენებლობა შეიძლება და არც ხის მოჭრა.

“დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ეგრეთ წოდებულმა “ტყის ჩუქებამ”. საზოგადოება განზრახ შეჰყავთ შეცდომაში და ქმნიან ილუზიას, თითქოს ბაკურიანის ტყე ღარიბაშვილის ოჯახმა მიითვისა. რეალობა კი ასეთია: ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთის, რომელსაც სანახევროდ შეიძლება ტყე ეწოდოს და რომელიც საცხოვრებელი სახლის მიმდებარედაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იჯარით აღება აუცილებელი გახდა, რომელზეც არც მშენებლობა შეიძლება და, რა თქმა უნდა, არც ხის მოჭრა, პირიქით, ვალდებულებაა მოვლა-პატრონობის და ყოველწლიურად სოლიდური თანხის შეტანის ბიუჯეტში.

საინტერესოა, რამდენად გულწრფელი და ნამდვილია პროტესტი იმ გუნდის წევრებისგან და მათი რჩეული ჟურნალისტებისგან, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნისას მხოლოდ 2009 წელს 3000-ზე მეტი ჰექტარი ტყის მასივი გაყიდეს , გაჩეხის და ეკონომიური სარგებლის მიღების მიზნით”. – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს ბაკურიანში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვ.მ ტყე 49 წლით გადაეცა. მას უფლება აქვს, რომ ტერიტორია გამოიყენოს საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით.