“რაც შეეხება ამ ორ განცხადებას, არცერთი მათგანი არ არის სამართლიანი და ობიექტური და სწორედ ამიტომ არ არის ამ გაგებით საინტერესო ჩვენთვის. ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა ნებისმიერი ობიექტური შეფასება, მათ შორის, კრიტიკული, მაგრამ სადაც არ არის სამართლიანობა და ობიექტურობა, იქ, ბუნებრივია, ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ ასეთ განცხადებებს”

ასე ეხმიანება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის კრიტიკულ შეფასებებს. დღეს ჰარცელმა დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტაზე თქვა, რომ “შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა“. მანვე კიდევ ერთხელ შეაფასა ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და განაცხადა, რომ კვლავ ვერ ხედავს ამ სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის ობიექტურ მიზეზებს.