არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მელაშვილი-ილიჩოვას დანაშაულს დაამტკიცებს – ადვოკატი

კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი დღეს, 28 იანვარს 14:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.

ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვენ.

ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილის ამბობს, რომ არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს დაამტკიცებს.

“არ იყო შეჯიბრობითი და თანასწორი პროცესი, ამ საქმეში მთელი სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული დაცვის მხარის წინააღმდეგ, შესაბამისად, მთელი ამ ხნის განმვალობაში ჩვენ გვქონდა არაერთი სირთულე და უკანონობა, როგორიცაა პირველივე ეტაპზე ბრალდების მხარის მხრიდან მტკიცებულებებზე სათანადო დაშვების შეზღუდვა, რამაც მნიშვნელობა შეაფერხა დაცვის უფლების განხორციელება. […] ფაქტიურად არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც გამოდგება იმისთვის, რომ რაიმე ფორმით დანაშაულებრივობა დაამტკიცოს ამ ადამიანების, თუმცა ასეთი ბუნებაშიც ვერ იარსებებს, რადგან ამ ადამიანებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ”, – თქვა მარიკაშვილმა.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ სასაამრთლომ ისინი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვოს.

“სასამართლოსგან ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, უდანაშაულო ადამიანები, დავიხსნათ უკანონო პატიმრობისგან”, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.