არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა – მდინარაძე

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ “არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა”.

მისი განცხადებით, ბოლო წლებში ქართული პროდუქციის ექსპორტი 400 მილიონი დოლარით გაიზარდა, გარდა ამისა, ხელისუფლებამ წინა მთავრობასთან შედარებით 3–4–ჯერ მეტი გზა გააკეთა.

„როდესაც გზებზე ვსაუბრობთ – 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი გზებია გაკეთებული, მათ შორის, შიდა გზები, ვიდრე წინა პერიოდში. მაინც და მაინც წინა ხელისუფლების დროს არ ვადარებ. საუბარია ზოგადად 2012 წლამდე. როდესაც წყალმომარაგებაზე იყო საუბარი – მაქსიმალური შედეგი იყო ქვეყნის მოსახლეობის 25%-ის მომარაგება. დღეს კი 50%-ს გავცდით. 2024 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 70%-ს ექნება უწყვეტი წყალი. ასეთი ციფრები გვაქვს ყველა მიმართულებით”,– ამბობს მდინარაძე.

ქართული ოცნების მე–5 ნომერი აღნიშნავს, რომ ამ ხელისუფლების დროს სიღარიბე 10%–ით შემცირდა, ხოლო წინა ხელისუფლების დროს – 4%–ით.

“ოპონენტები საუბრობენ ხოლმე სიღარიბეზე. 2002-2012 წლებში ოთხი პროცენტით დაიკლო ამ ქვეყანაში სიღარიბემ. ხოლო 2012 წლის შემდეგ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით 10%-ზე მეტით შემცირდა. თუმცა, როდესაც გაჭირვებულები გყავს, თვითკმაყოფილებას ვერ მიეცემი, გამორიცხულია. დინამიკა უნდა იყოს მზარდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პოზიტიური ინერცია არსებობს. ამ მიმართულებით სიარული მშვიდობით და განვითარებით ევროპისკენ, იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ კიდევ გავძლიერდებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.