არ არსებობს ხელისუფლება, რომელმაც შეიძლება შვილების გადარჩენა ამიკრძალოს – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისთვის არ არსებობს ხელისუფლება, რომელმაც შეიძლება შვილების გადარჩენა აუკრძალოს, როდესაც ისინი მშივრები არიან.

“მე თუ ვარ ადამიანი, რომელსაც ვალები მაქვს აღებული, არანაირი სხვა შემოსავლის წყარო არ მაქვს, სახლში ვზივარ და მყავს შვილები, რომლებიც არიან მშივრები, ჩემი აზრით, არ არსებობს არცერთი ხელისუფლება სამყაროში, არანაირი ძალაუფლება, რომელმაც შეიძლება მე ამიკრძალოს საკუთარი თავის გადარჩენა. მე უნდა გავიდე გარეთ, რაღაც უნდა გავაკეთო, რომ თავი გადავირჩინო და ჩემი შვილები გადავარჩინო.

ამ რეალობაში ვცხოვრობთ ჩვენ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ასე იღვიძებს დილით, ფიქრობენ, დღეს რა ვაჭამო საკუთარ შვილებს, რომ გადავრჩეთ ცოცხლები. ამ დროს არ არსებობს რაიმე საფრთხე, რის გამოც შეიძლება რომელიმე მთავრობამ დამაძალოს და მითხრას, რომ შენ უნდა დარჩე სახლში და მოკვდე მშიერი, შენი შვილებიც უნდა გაწირო შიმშილისთვის. ამიტომ არ ვემორჩილები ამ რეგულაციებს”,– განაცხადა ჯაფარიძემ მთავარი არხის ეთერში.

მისივე თქმით, არანაირი რეგულაცია არ უნდა მოქმედებდეს, რადგან თავის დაცვა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია.

“მე თუ მინდა და ვრისკავ, მივდივარ და ვვარჯიშობ, მივდივარ და ვმუშაობ, ჩემი პასუხისმგებლობის საკითხია, ამას ვაკეთებ თუ არა. ისივე როგორც სხვა ადამიანები წყვეტენ, ჩემთან ექნებათ შეხება თუ არ ექნებათ, მომეკარებიან თუ არა, დაიცავენ დისტანციას თუ არა, მე ვწყვეტ როგორ ვიქცევი, თითოეული ადამიანი წყვეტს, როგორ იქცევა. თუ ადამიანს შია და შვილები ჰყავს მშიერი, კი, წავა და იმუშავებს, ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ შვილები მშივრები არ ჰყავდეს”,– თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.