არ გაბედოთ, შემოიტანოთ ვაქცინა, რომელიც არ იქნება WHO-ს მიერ დამტკიცებული – ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოში ზოგიერთი ჯგუფი ფიქრობს, რომ ფარმაკომპანიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკება და ვაქცინის ცალკე შემოტანა, სწორი გზაა.

მისი შეფასებით, ეს არასწორია და შესაძლოა ვინმეს ბიზნესინტერესები ჰქონდეს.

ფხაკაძე მთავრობას მოუწოდებს, საქართველოში მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინა შემოიტანონ.

„არ გაბედოთ შემოიტანოთ ქვეყანაში ვაქცინა, რომელიც არ იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული. 50 000 დოლარიანი ლაბორატორია ვერ ჩამოიტანეს, რომ რა ხარისხის პირბადე გვაქვს ის შეემოწმებინათ და თქვენ ახლა ვაქცინის ხარისხზე მელაპარაკებით?

შესაბამისად, ჩემი მოთხოვნა და თხოვნა იქნება, რომ ვაქცინას რაც შეეხება, ჯობია, მთავრობამ იფიქროს, როგორ დაიწყოს მომზადება ვაქცინაციისთვის და არა საუბარი. დავიღალეთ ამდენი საუბრებით, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. გამოდით კაბინეტებიდან და რეგიონებში ნახეთ რა ხდება.

რაც შეეხება ვაქცინას, ჩვენ უნდა დაველოდოთ კოვაქსის ვაქცინას და უნდა დაველოდოთ ჯანმოს, რომ გვითხრან, ეს ვაქცინა და ეს წამალი არის რეკომენდირებული და მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა შემოვიტანოთ, სხვა შემთხვევაში – არა. ვისაც გაქვთ ინტერესი ქვეყნისთვის, შეცდომას ნუ დაუშვებთ, დაელოდეთ ჯანმოს რეკომენდაციას, არ აჩქარდეთ“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირველმა დიდმა ბრიტანეთმა დაამტკიცა და ვაქცინაცია 8 დეკემბერს დაიწყო.