“არ გაგჩენიათ სურვილი, გააშუქოთ, თუ კარგი ხდება” – მურუსიძის საყვედური მედიას

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლეები სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე მედიას საყვედურობს, რადგან, მისი აზრით, არ აშუქებენ სასამართლოში არსებულ “კარგ ამბებს”.

“მგონია, რომ სასამართლოს და მოსამართლეების მიზანმიმართული დევნა ხდება. თუნდაც ტელევიზიების, პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების [მიერ]. სიუჟეტს სიუჟეტზე აკეთებთ ტელევიზიები, უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენთ სასამართლოს. არასდროს გაგჩენიათ სურვილი, კარგი თუ რამე ხდება სასამართლოში ამაზეც ისაუბროთ. მაგალითად, მოქალაქეები სამართალს პოულობენ სასამართლოში, ნდობა გაიზარდა სასამართლოს მიმართ, სტრასბურგის სასამართლოში გაცილებით ნაკლები საჩივრები მიდის. თუ დაინტერესდებით, ბევრ რამეს იპოვით, რაც ხდება დადებითი”,– ამბობს მურუსიძე ფორმულასთან საუბრისას.

მურუსიძე საყვედურობს საერთაშორისო პარტნიორებსაც, რადგან, მისი თქმით, ისინი არ ისმენენ მეორე მხარის, ანუ მათ პოზიციებს.

“როცა ჩვენი პატივცემული საერთაშორისო დელეგაციები ჩამოდიან, ხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლების ყველა შტოს და საუბრობენ სასამართლოს სისტემაზე, სწორი იქნებოდა… აი, სასამართლოში ორივე მხარეს უსმენს სასამართლო. მე არ მინახავს შემთხვევა, რაიმე დელეგაცია საქართველოში ჩამოსულიყო და მეორე მხარისთვის მოესმინა”,– ამბობს მურუსიძე.