არ გამიკვირდება “ოცნებასთან” შეთანხმებული მოქმედებები – კობერიძე ენმ-ს აქციაზე

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია “ლელოდან” ლევან კობერიძე ენმ–ს მიერ 31 ოქტომბერს აქციის დაგეგმვას ეხმიანება და ამბობს, რომ “ამ პოლიტიკური ძალის მიერ პროვოკაციული ქმედებები გასაკვირი არ არის”.

“ჩვენ დღეს გვაქვს წინასაარჩევნო აქცია დაანონსებული მოსახლეობის მობილიზაციისათვის. ისე, სულ არ გამიკვირდება ასეთი ტიპის ძალებისაგან პროვოკაციული ქმედებები და “ქართულ ოცნებასთან” გარკვეული შეთანხმებული მოქმედებები. ჩვენ ხშირად გვინახავს პოლიტიკურ ასპარეზზე, ეს ორი ძალა როგორ კვებავს ერთმანეთს. დღეს, დღის წესრიგი არის ის, რომ მოსახლეობამ აირჩიოს ისეთი ახალი ძალა, რომელსაც თავისი პოლიტიკური შინაარსით შეუძლია რომ ქვეყნის მართვა მშვიდობიანად გადმოიბაროს, ასეთი ძალა კი არის “ლელო”,” – განაცხადა ლევან კობერიძემ რუსთავი 2–ის ეთერში.

ცნობისთვის, დღეს ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნების დღეს პარლამენტის წინ აქციის გამართვას გეგმავს. მას ენმ–მაც უპასუხა და განმარტა, რომ ისინი საღამოს გამარჯვების აღნიშვნას აპირებენ.