არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალს – „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ იურისტი

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ იურისტის, ნუცა ბურდულაძის განცხადებით, კლინიკის დირექტორისა და ორი ექიმის მიმართ წარდგენილ ბრალს დაცვის მხარე არ ეთანხმება. როგორც ბურდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფორმაცია საგამოძიებო უწყების მიერ ინტერპრეტირებული სახით გავრცელდა და ის სიმართლეს არ შეესაბამება.

„სამწუხაროდ, ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა და არასწორად გაჟღერდა ინფორმაცია. „თბილისის ცენტრალურ სავადმყოფოში” დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში ხდებოდა იტალიიდან დარგის წამყვანი სპეციალისტების ჩამოყვანა და მათ არაერთი ოპერაცია ჩაატარეს. კონკრეტულ შემთხვევაში, ისინი მონაწილეობდნენ ოპერაციაში ისევე, როგორც ეს ცნობილი იყო პაციენტისთვის და მისი კანონიერი წარმომადგენლებისთვის. არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალს და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო უმოკლეს ვადაში მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას. გთხოვთ, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ბურდულაძემ.