არ მაქვს პასუხი, რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანები – სუბარი 20 ივნისზე

უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ არ აქვს პასუხი, რატომ არ გამოიყენა წყლის ჭავლის მანქანები პოლიციამ გავრილოვის ღამეს.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში მძიმე დაზიანებები შესაძლოა თავიდან აეცილებინათ.

“შტურმი პარლამენტზე ეს იყო თავდასხმა კანონდამცველებზე. ვუყურებდით პირდაპირ ეთერში, როგორ სცემდნენ პოლიციელებს. როგორ იყო მცდელობა, რომ შეჭრილიყვნენ პარლამენტში. მე დღემდე არ მაქვს პასუხი და არც საზოგადოებას არ აქვს პასუხი, მაგალითად, რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანები, რომელსაც შეიძლებოდა, ნაკლები ზიანი მიეყენებინა, მაგრამ ეს სპეციალისტების შეფასებად დავტოვოთ. მე პირადად მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ რომ ყოფილიყო გამოყენებული გაზი, წყლის ჭავლის მანქანები, შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა მძიმე დაზიანებები, რომელიც მოქალაქეებმა მიიღეს”,– ამბობს სუბარი.

ცნობისთვის, დღეს გავრილოვის ღამიდან 2 წელი გავიდა. 2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტები რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა, რადგან მათ რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის  პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა გააპროტესტეს.

ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 40-მდე ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებისგან მიყენებული ტრავმის გამო თვალი დაკარგა. დაშავებულებს შორის იყვნენ 80-მდე სამართალდამცავი.