არ მინდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს – სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე

“არ მინდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს” – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ იწყალებს ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბიშვილი პასუხობს :

  • “მე ეს ძალაუფლება არ მაქვს, ერთი მარტივი მიზეზის გამო, სასამართლო ჯერ არ დასრულებულა, მას ჯერ კიდევ ასამართლებენ – ასეთია საქართველოს კანონმდებლობა, რომ შეწყალება ჩაერთვება მაშინ, როცა ყველაფერი დასრულებულია”, – განაცხადა მან.

კითხვაზე, დასრულების შემდეგ თუ გამოიყენებს ამ მექანიზმს, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ეს სხვა საკითხია:

  • “საქართველოში არ არის ერთი ოჯახიც კი, რომელსაც არ გამოუცდია, რას ნიშნავდა მსგავსი ტიპის ავტოკრატიული რეჟიმი. ამიტომ, არ მინდა მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტი გავხდე, თუმცა მეორე მხრივ, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური – არ მინდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს ან მიადგეს გამოუსწორებელი შედეგები, ამიტომ მე ძალიან ახლოდან ვაკვირდები სამედიცინო ფაქტორს, ველოდი, რომ დღეს იქნებოდა საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის ახალი დასკვნა, თუმცა ჯერ არ გამოსულა”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.