“არ მინდა ჩემს ოჯახს მოუწიოს ტყეში ჩემი ცხედრის ნახვა” – რას ამბობს ბაჩალიაშვილი ჩანაწერებში

ტვ პირველის ჟურნალისტი, ნანუკა ქაჯაია ეთერში ყვება, რომ ჟურნალისტებს პროკურატურამ 5 ვიდეოჩანაწერი აყურებინა, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ პრობლემებზე საუბრობს.

“ჟურნალისტებს გვაჩვენეს 5 ვიდეო, 2 ვიდეოში თამარ ბაჩალიაშვილი თავად ჩანდა, ხოლო 3 ჩანაწერი იყო მხოლოდ ხმა ჩაწერილი. ვიდეოში, სადაც თავად თამარი ჩანდა, საუბრობდა რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო რთული, რომ ჰქონდა პრობლემები სამსახურში, უნივერსიტეტში, არ იყო კმაყოფილი სწავლით, ჰქონდა მოლოდინი რომ პარიზში ვეღარ გააგრძელებდა სწავლას. ამბობს, რომ “დაემშვიდოებე, თამარ პარიზში სწავლას” და ეს მისთვის იყო ძალიან რთული მისთვის, როგორც ვიდეოდან გავიგეთ”,- ამბობს ქაჯაია.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავს სექტემბრამდე აძლევდა ვადას, რომ გამხდარიყო და ადამიანებთან ურთიერთობების პრობლემები მოეგვარებინა.

“ნამდვილად იყო საუბარი იმაზე, რომ მას არ მოსწონდა საკუთარი ვიზუალი. ამბობდა, რომ აღარ მომწონს ჩემი თავი, იმიტომ რომ გავსუქდი. თუმცა ამ ვიდეოშივე ამბობდა, რომ სექტემბერამდე გაძლევ, თამარ, დროს რომ შენ გახდე, ასევე, ეცადე რომ დამშვიდდე, არ მიაქციო ყურადღება, მაქსიმალურად თბილი იყო ადამიანებთან, კონფლიქტში არავისთან შეხვიდე, იმიტომ რომ შენ ხარ საუკეთესო. ეს სელფვიდეო ქუჩაში იყო გადაღებული”,- ამბობს ჟურნალისტი ტვ პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, ბაჩალიაშვილი ვიდეოში ადასტურებდა, რომ უფროსთან, ნიკა გეჯაძესთან პირადი ურთიერთობა ჰქონდა.

“რაც შეეხება აუდიოჩანაწერებს, რომლის მოსმენაც ძალიან რთული იყო, საუბრობდა სამსახურში როგორ ვითარდებოდა მოვლენები. საუბრობდა მის უფროსზე, ნიკა გეჯაძეზე, რომელიც თამარის უშუალო უფროსი იყო. ამ ვიდეოდან ირკვევა, რომ მათ ჰქონდათ რაღაც ურთიერთობა. თამარს ჰქონდა სიმპატია ნიკას მიმართ. ეს ურთიერთობა შემდგომ სავარაუდოდ არ გაგრძელდა, რადგან თამარი ვიდეოში ამბობდა, რომ ასე აღარ უნდა მოვიქცე, როგორც მოვიქეცი ნიკასთან. ასევე ამბობდა, რომ ნიკა არის მისი უფროსი და ყველას ექცევა კარგად და ზედმეტად არ უნდა ჩათვალოს მისი ყურადღება”,- ყვება ქაჯაია.

ის ასევე აღნიშნავს, რომ თამარი თავის მოკვლაზეც საუბრობდა, თუმცა ეცოდებოდა მშობლები, რომ ტყეში მის ცხედარს ნახავდნენ.

“რაც შეეხება ყველაზე მძიმე მომენტს, რაზეც საუბრობდა ვიდეოჩანაწერში, ამბობდა რომ მას უნდოდა თავის მოკვლა, ყველა ხერხი იცოდა თავის მოკვლის, თუმცა ერიდებოდა და ეშინოდა დედამისის, მამამისის და ყველაზე მეტად ყურადღებას ამახვილებდა თავის ძმაზე, რომ ეცოდება ოჯახის წევრები, რომ თავი მოეკლა. ფრაზა იყო ასეთი : “არ მინდა ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში დავაყენო, როცა მათ მოუწევთ ტყეში ამოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა”. ამბობდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ თავი არ მოეკლა, მაგრამ თუ ამას გააკეთებდა, ბოდიშს უხდიდა ოჯახს”,- თქვა ტვ პირველის ჟურნალისტმა.