არ უნდა მიეცეს ტყუილის ტირაჟირების შესაძლებლობა – მელია კობახიძეზე

ნიკა მელია ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირების შემდეგ ამბობს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარეს ტყუიელბის ტირაჟირების საშუალება არ უნდა მიეცეს.

“რეჟიმი, რომელიც ბედავს სასიკვდილოდ დაგიჭრას მშვიდობიანი მოქალაქეები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოდიან საარჩევნო შეხვედრაზე და ამის შემდეგ საჯარო სივრცეში გამოდიან და საუბრობენ, რომ თითქოს ჩვენ დავჭერით ხალხი ხანჯლებით და დანებით, თითქოს ჩვენ გავუსწორდით ადამიანს რუსთავში სამი დღის წინ. ეს ადამიანი [კობახიძე] არ იმსახურებს იმას, რომ მიეცეს შესაძლებლობა, ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს ისე, როგორც არის შეჩვეული”,- თქვა მელიამ.

მისივე განცხადებით, ოცნების ლიდერები ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ.

“როგორც აქედან დატოვა სივრცე, ზუსტად ასე დატოვებენ 2 ოქტომბერს ეს რეჟიმის მსახურები, პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს, იმის მაგივრად თავი დახარონ. არ დატოვეს არცერთი ადამიანი, ვისაც არ უსმენენ უკანონოდ და მერე არ აშანტაჟებენ. ეს ადამიანები გამოდიან და ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ და საუბრობენ, რომ ქვეყანა თითქოს დასავლური სივრციდან არ გადის. როცა არ დაიტოვეს არცერთი საერთაშორისო პარტნიორი, მეტიც ლანძღავენ, აკრიტიკებენ, იქნება ეს აშშ-ს საელჩო თუ ევროკავშირის წარმომადგენლობა. საუბრობენ წარბშეუხრელად”,- აღნიშნა მელიამ.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობს ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.