ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ “სტუმარ-მასპინძელი” – კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე და ელენე ხოშტარიაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტია “დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს  “ბნელებს” უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრების ჩამოსვლის კრიტიკის გამო.

“იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა, რომელსაც არც დანაშაული აქვს ჩადენილი რაიმეში და არც არაფერი, საქართველოში არის უბრალოდ ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა. თავის დროზე, “სტუმარ-მასპინძელი” ვაჟა-ფშაველამ დაწერა მე-19 საუკუნეში. მაშინ, ზოგადად, მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება, მათ შორის ეხებოდა ეს საქართველოსაც, ბევრად მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა საქართველოში. ასეთი ბნელებისთვის დაწერა მე-19 საუკუნეში ვაჟა-ფშაველამ “სტუმარ მასპინძელი”, – თქვა კობახიძემ.

მან, ასევე უპასუხა პრეზიდენტის განცხადებას, რომ იგი “არ დაუშვებს ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, ქართველი ხალხის ქსენოფობიაზე დაიწყოს საუბარი”.

“ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს მე რაზე ვისაუბრებ? მან თავის უფლებამოსილებებს მიხედოს, ჯობია.საქართველოში ხალხმა პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია მიანიჭა ქართული ოცნების ხელისუფლებას, პარლამენტს, მთავრობას. ეს არის რეალობა. პრეზიდენტს უფლება არ აქვს, ხალხის სახელით ისაუბროს, ის მთლიანად აცდენილია იმ ხალხის ნებას, რომელმაც მას დაუჭირა ხმარი 2018 წელს.

როდესაც პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ის ხალხის გამარჯვებად, ეს უბრალოდ, სამარცხვინოა”, – თქვა კობახიძემ.

კობახიძე აცხადებს, რომ თუკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებს “ოკუპაციის შესახებ კანონი” დარღვეული არ ჰქონდათ, საბაჟო სამსახურს მათი შემოშვება შეეძლო.

ჟურნალისტებთან კომენტარისას მან აღნიშნა, რომ “ოკუპაციის შესახებ კანონია” მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი უწყებებისთვის და არა საერთაშორისო სანქციები.

“საქართველო არაა მიერთებული სანქციებს, ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის, არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ. ამ შემთხვევაში, თუ არ დარღვეულა ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი იმისა, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა, დანარჩენზე, კონკრეტული უწყებები გასცემენ პასუხს.

პერსონების სანქცირებაზე მინდა, განვმარტო ორი რამ: პირველი – როდესაც ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს, ამაში იგულისხმება, მათ შორის, პერსონალური სანქციებიც. მეორე – თეორიულადაც რომ განვიხილოთ პერსონალური სანქცირება ვინმესი, ეს შეიძლება, შეეხებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელბსაც გარკვეული დანაშაული აქვთ ჩადენილი. არ შეიძლება, სანქციები ეხებოდეს, ზოგადად, ოჯახის წევრს. ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს ნასწავლი ეს სფერო”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

გუშინ, 20 მაისს ყვარლის ტბასთან სასტუმროს მიმდებარედ მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია იმართებოდა. ის მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სასტუმროში იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.