აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში უჩივის

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში უჩივის. ის ამის შესახებ Facebook–ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში შემოსვლის უფლებას არ აძლევს, რაც გამოძიების პროცესს აფერხებს, სწორედ ეს არის სარჩელის შეტანის მიზეზიც.

მუხთარლი აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან მისი გატაცების ფაქტზე დამოუკიდებელი გამოძიებისთვის ხელის შეშლას საქართველოს მთავრობა მისი ჩამოსვლის თავიდან არიდებით ცდილობს, რაც, მისი მტკიცებით, ადასტურებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ მის გატაცებაში მონაწილეობა მიიღო.

“მოვითხოვე საქართველოში ჩამოსვლა და იმ გზის ჩვენება, რომლითაც აზერბაიჯანისკენ წამიყვანეს. როგორც მსხვერპლს, მე ამის უფლებამოსილება მაქვს, ეს პროცედურული წესია. ციხეში ყოფნისას საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ საბაბი, რომ აზერბაიჯანი არ აძლევდა მათ ჩემი დაკითხვის უფლებას.

ერთი წელია პატიმრობიდან თავისუფალი ვარ და ამ დროს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ხერხით ცდილობენ საქართველოში ჩემი ჩამოსვლისთვის ხელის შეშლას.

წინა შემთხვევისას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ჩემი ჩამოსვლა პოლიტიკური დაპირისპირების ხელშეწყობას უკავშირდებოდა. სრული აბსურდი! არჩევნები დასრულდა, რა არის შემდეგი საბაბი?” – წერს მუხთარლი.

მანვე აღნიშნა, რომ მისმა ადვოკატებმა საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში უკვე გაგზავნეს.