აქციის ორგანიზატორები გაემიჯნონ ულტრამემარჯვენე ჯგუფებს – თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა ეხმიანება  23-24 მაისს თბილისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე აქტივისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევებს.

მათი თქმით, ძალადობის ფაქტებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან დროული და ეფექტიანი რეაგირება არ მოყოლია, ხოლო ულტრამემარჯვენე ჯგუფების თავდასხმის შემდეგ, რამდენიმე აქტივისტი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ტერიტორია.

“თანასწორობის მოძრაობა მხარს უჭერს რიონის ხეობის მცველების სამართლიან პროტესტს. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი აერთიანებს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს. გვჯერა, რომ პროტესტის მიზანი საერთო კეთილდეობის მიღწევაა და არა საზოგადოების დანაწევრება, პოლარიზება. აუცილებლად მიგვაჩნია, აქციის ორგანიზატორებმა ღიად და საჯაროდ დაგმონ აქტივისტებზე ძალადობის შემთხვევები, გაემიჯნონ ულტრამემარჯვენე, რადიკალურ ჯგუფებს და ხელი შეუწყონ პროტესტში მონაწილე პირების მშვიდობიან გამოხატვას”,– აცხადებს ორგანიზაცია.

ისინი მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებებს, უზრუნველყონ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა პირის უსაფრთხოება, გაატარონ ეფექტიანი ზომები ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ხოლო მოძალადეების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროპორციული საშუალებები გამოიყენონ.

ცნობისთვის, დღეს “სირცხვილიას” აქტივისტი სალომე ბარკერი LGBTQ სამკლაურის გამო ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა აქციიდან გააგდეს.