აღარ გაისმას კითხვა: მშვიდობა თუ თავისუფლება, ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე, გვინდა ევროპა! – ზურაბიშვილი

“აღარ გაისმას კითხვა: “მშვიდობა თუ თავისუფლება” რამეთუ, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა! ” –  ამის შესახებ პრეზიდენტმა,   სალომე ზურაბიშვილი სიტყვა ევროპის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

”დღეს უმძიმეს გამოწვევის წინაშე იმყოფება ევროპა, ომი შუაგულ ევროპაში თვით ევროკავშირს ემუქრება, რამეთუ რუსეთმა ომი გამოუცხადა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა იმ პრინციპებს რაზედაც დგას ევროპა: ჰელსინკის პრინციპები, საერთაშორისო სამართლის კანონები, ყოველივე სახელმწიფოს სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, სამართლიანობა და დემოკრატია. და პირველ რიგში ის რამაც წარმოშვა ევროპული იდეა: ომის მაგივრად მშვიდობაზე და სოლიდარობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ამ გამოწვევაზე ევროპამ გასცა ყველაზე ძლიერი პასუხი: ევროპის 27-ვე წევრი ქვეყნის მჭიდრო ერთიანობა! გასცა მან ყველაზე ღირსეული პასუხი: არა დათმობა და შეგუება, არა სიფრთხილე და რეალობისგან თავის არიდება, არა ეგოიზმი არამედ სოლიდარობა, რომელიც დღეს სცილდება ევროკავშირის საზღვრებს და მოიცავს პირველ რიგში უკრაინას, აგრეთვე მოლდოვას და საქართველოს, ან კიდევ დასავლეთ ბალკანეთს. ეს ღირსეული ევროპა არის ის, რომელთანაც გაერთიანებას ჩვენი მოსახლეობის 88% მხარს უჭერს. ეს ძლიერი ევროპაა, რომელიც საკუთარ ძალას ომიდან კი არა, მშვიდობიანი განვითარებიდან იძენს, სწორედ ის ევროპაა, რომელიც ჩვენ გვიზიდავს და რომლისკენაც მივილტვით.

დღეს კი, უკრაინამ თავისი თავდადებული, გმირული, თავდაცვითი ბრძოლით განგვიახლა და დაგვიჩქარა ევროპის გზის გახსნა. უკრაინა და თითოეული უკრაინელი, რომელიც თავს სწირავს საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად, ამავე დროს, თავს სწირავს და იბრძვის ჩვენი და მთლიანი ევროპის თავისუფლებისთვის, საკუთარი და ჩვენი ევროპული გზისთვის. ჩვენთვის გაღებული მსხვერპლის დაფასებაც უნდა ვიცოდეთ, მადლიერება და სოლიდარობა ჩვენი ვალდებულებაა. ჩვენი ვალდებულებაა დღეს, რომ ვიცოდეთ როგორ დავუდგეთ გვერდში უკრაინას, როგორ გამოვხატოთ სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ევროპელების გვერდით დაგვდგეთ. ყველას ესმის რომ, თავისთავად ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, საფრთხის ქვეშ მყოფი ვერ შეედრება ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, თუმცა სოლიდარობის გამოხატვას მრავალი ფორმა გააჩნია.

ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ გზაზე, რაზეც ნაადრევად დაგვაყენა უკრაინის ბრძოლამ, არაფერი დავიშუროთ და ყველა ნაბიჯი გადავდგათ, რომ ეს მოცემული შანსი რეალობად ვაქციოთ. ის ქართული გზა ევროპისკენ, რომელიც გადის ახლო მეზობლობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორბაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე და ასოცირების სტატუსზე, დღეს გადავიდა ახალ განზომილებაში. შორეული პერსპექტივა დღეს ხელმისაწვდომი ხდება თუ ჩვენ შევძლებთ კითხვარში დასმულ კითხვებზე, არა მხოლოდ პასუხის დაწერას, არამედ შესრულებას. მჯერა, რომ შევძლებთ! ხვალინდელი დღე, როგორც არასოდეს, ჩვენზეა დამოკიდებული. რასაც ვიღონებთ იმას შევძლებთ. ევროპა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ აღარ გაისმას კითხვა: “მშვიდობა თუ თავისუფლება” რამეთუ, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა! გილოცავთ ამ დღეს!” – განაცხადა ზურაბიშვილმა.