აღიარეს, რომ წელიწად-ნახევარი სამაჯური ტყუილად მეკეთა – ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ის ფაქტი, რომ პროკურატურამ 100 000–ლარიან გირაოსთან ერთად, მისთვის შემზღუდავი ღონისძიებების გაუქმება მოითხოვა, აღიარებაა, რომ შეზღუდვები უკანონო იყო.

“პრაქტიკულად აღიარეს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში სამაჯურიც ტყუილად მეკეთა, შეზღუდვაც ნებისმიერი ტყუილად მქონდა დაწესებული, როგორიც არის მაგალითად პასპორტის ჩამორთმევა, ანუ მე მეკრძალებოდა წელიწად–ნახევრის განმავლობაში საზღვარგარეთ გასვლა, პლუს სახლში რაღაც დანადგარი მიყენია, რომელიც აკონტროლებს ჩემ შესვლასა და გამოსვლას და ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალული მქონდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სიტყვით გამოსვლა, ანუ მიტინგზე გამოსვლის უფლება არ მქონდა.

ხელისუფლება ნამდვილად ჩამოშლილია, ამაში დავრწმუნდი, აღიარა პრაქტიკულად, რომ ეს შეზღუდვები იყო უკანონო, არაეფექტური არის, ვერ ვაკონტროლებთ, მონიტორინგს ვერ ვუწევთო და თავადვე მოითხოვეს ამ ყველაფრის გაუქმება. აი, ასე გავიმარჯვებთ ძალიან ცოტა ხანში, ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქესთან ერთად, იმ თვალსაზრისით, რომ ივანიშვილს დავანიშნინებთ ახალ არჩევნებს, ან მოუწევს აღიარება რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა და ამას მოყვება ახალი არჩევნები ან მოუწევს შედეგების გასწორება, რასაც არ გააკეთებს საზოგადოების ზეწოლის გარეშე”,– თქვა მელიამ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, პროკურატურა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებასთან ერთად, მისთვის დაკისრებული შეზღუდავი ღონისძიებების გაუქმებას ითხოვს, სამართლებრივი აბსურდია.

ადვოკატის ინფორმაციით, მელია გირაოს გადახდას არ აპირებს.