აღმაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის “ნოვიჩოკის” აგენტით მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთის მთავრობამ უნდა განმარტოს, თუ რა დაემართა ნავალნის, დიდი ბრიტანეთი კი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს სამართლის აღსრულებაზე.

“აღმაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. დიდ ბრიტანეთში ჩვენი თვალით ვნახეთ “ნოვიჩოკის” მომაკვდინებელი შედეგები. რუსეთის მთავრობამ ახლა უნდა განმარტოს, რა დაემართა ბატონ ნავალნის – საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვიმუშავებთ სამართლის აღსრულებისთვის”, – წერს ბორის ჯონსონი ტვიტერზე.

დღეს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, ნერვული აგენტით, ნოვიჩოკით” არის მოწამლული.

მათი ინფორმაციით, ტოქსიკოლოგიის ტესტებმა ნოვიჩოკის ჯგუფიდან ქიმიური ნერვული აგენტის “ცალსახა მტკიცებულება” აჩვენა. ეს მომწამლავი ნივთიერება რუსეთში მზადდება.

რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იური შვიტკინი ამბობს, რომ რუსეთი “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიკატების დამზადებაში არ არის ჩართული. მისი თქმით, “ნოვიჩოკს” საქართველოსა და აშშ–ში ამზადებენ.