“აღქმა სისულელეა, მთავარი ფაქტია” – კობახიძე აშშ-ს საელჩოს აკრიტიკებს

“აღქმა არის სისულელე, მთავარი არის ფაქტი” – ასე პასუხობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებას ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე.

საელჩომ განაცხადა, რომ “განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია”.

“როგორ აღიქვამს ვიღაცა რაღაცას, აბსოლუტური ნონსენსია, რომ ამის საფუძველზე ვიღაცამ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს”,– ამბობს კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მისივე შეფასებით, მთავარია, ჩაიდინა თუ არა დანაშაული ნიკა გვარამიამ.

“როდესაც საელჩოს განცხადებაში წერია ის, რომ დრო აჩენს კითხვებსო. აი, დრო რა შუაშია? თქვენ შეგიძლიათ განმიმარტოთ, დრო რატომ შეიძლება აჩენდეს კითხვებს? ან აღძვრის ან განაჩენის შეფარდების? ამ დროს გვინდოდა მაინცდამაინც?”,– აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.