აშშ დეფოლტს გადაურჩა. ბაიდენი და რესპუბლიკელები ვალის ზედა ზღვრის გაზრდაზე შეთანხმდნენ

თეთრმა სახლმა და ოპოზიციამ ბოლო მომენტში გაააუვნებელყვეს ფინანსური კატასტროფის საფრთხე, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა ეკონომიკური კრიზისი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და კონგრესის ქვედა პალატის რესპუბლიკელები შეთანხმდნენ, რომ მთავრობას ნებას მისცემდნენ გაზარდოს ეროვნული ვალი, რომელმაც უკვე გადააჭარბა ასტრონომიულ 31,4 ტრილიონ დოლარს.

თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატამ, რასაც მინიმუმ სამი დღე დასჭირდება, ხოლო კომპრომისის დეტალები შემდგომ თვეების მანძილზე მოლაპარაკებებს საჭიროებს ზედა ზღვრის აწევის  შემდეგაც კი, გვაფრთხილებენ ამერიკელი ოფიციალური პირები და კონგრესმენები.

კონგრესის მიერ დაწესებული ვალის ზედა ზღვარი იანვარში იქნა მიღწეული და მას შემდეგ აშშ-ს ხაზინას ჩამოერთვა უფლება გაზარდოს სესხები მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად. ფიანანსთა მინისტრი,  ჯანეტ იელენი გამოდიოდა გაფრთხილებით, რომ ამ ტემპით ფული ამოიწურებოდა ჯერ კიდევ ივნისში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებს ქვეყნის ისტორიაში პირველი დეფოლტი დაემუქრებოდა, რაც მისი თქმით  “კატასტროფა” იქნებოდა.

“ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მოულოდნელად აღმოჩნდება უპრეცედენტო ეკონომიკური და ფინანსური ქარიშხლის შუაგულში”, – თქვა ილენმა.

ბაიდენმა 9 მაისს პირველად   განიხილა ეს საკითხი პირადად პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერთან კევინ მაკკარტისთან , ერთი კვირის შემდეგ კი მას კვლავ შეხვდა.

ორივე შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა და მოლაპარაკებები წარმომადგენლობით დონეზე გაგრძელდა.

პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ ბაიდენმა გააუქმა აზიური ტური და იაპონიაში გამართული  G-7 სამიტიდან სახლში სასწრაფოდ დაბრუნდა. მხოლოდ დეფოლტის თეორიულმა საფრთხემაც კი დააზიანა შეერთებული შტატების, როგორც მსოფლიოში ყველაზე სანდო და პოპულარული მოვალის რეპუტაცია. ობლიგაციების ფასები დაეცა, ამერიკელების ვალის მომსახურების ხარჯები გაიზარდა.

ახლა კი, რამდენიმედღიანი უწყვეტი მოლაპარაკებების შემდეგ, თეთრმა სახლმა კვირას ღამით გაავრცელა განცხადება, რომ შეთანხმება მიღწეულია.

“შეთანხმება არის კომპრომისი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ვერ მიიღებს იმას, რაც სურდა. მაგრამ ამას ნიშნავს ქვეყნის მართვა პასუხისმგებლობით”, – განაცხადა ბაიდენმა.

„ეს კარგი ამბავია ყველა ამერიკელისთვის, რადგან შეთანხმება ხელს უშლის კატასტროფულ დეფოლტს, რომელიც გამოიწვევს ეკონომიკურ ვარდნას, საპენსიო დანაზოგების  და მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მაკკარტიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ კანონპროექტის ტექსტი კვირას  გამოქვეყნდება და წარმომადგენელთა პალატა კენჭს სავარაუდოდ ოთხშაბათს უყრის.

ვალის ზედა ზღვარი აშშ–ში არაერთხელ ამაღლდა, მაგრამ დროდადრო ეს პროცედურა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ხდება. 2011 წელს დემოკრატი პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რესპუბლიკელებს შორის ბრძოლა იმდენად გაგრძელდა, რომ შეერთებულმა შტატებმა დაკარგა უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი.

ამჯერად რესპუბლიკელებმა, რომლებიც აკონტროლებენ კონგრესის ქვედა პალატას, მოითხოვეს ბიუჯეტის შემცირება და უარი თქვეს ჭერის აწევაზე დათმობების გარეშე დემოკრატებისგან, რომლებიც აკონტროლებენ როგორც სენატის ზედა პალატას, ასევე თეთრ სახლს.

რესპუბლიკელები მოითხოვდნენ სოციალური ხარჯების შემცირებას და თავდაცვის ხარჯების გაზრდას.

ბაიდენმა საპასუხოდ მოითხოვა ჭერის აწევა ან გაუქმება ყოველგვარი პირობის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ იყო მზად მათი მოთხოვნები რესპუბლიკელებთან განეხილა – ერთი მეორესთან დაკავშირების გარეშე.

ნებისმიერ კომპრომისს ეწინააღმდეგებოდნენ ულტრამემარჯვენე რესპუბლიკელები და ულტრამემარცხენე დემოკრატები, რამაც  მოლაპარაკებები გაართულა და ახლა შეიძლება ხელი შეუშალოს ბაიდენსა და მაკარტის შორის შეთანხმების დამტკიცებას კონგრესის ორივე პალატაში.

სანამ კანონი არ დამტკიცდება და ბაიდენი მას ხელს არ მოაწერს, დეფოლტის საფრთხე რჩება, თუმცა თეორიული.