აშშ ეჭვობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად პროვოკაციებს აწყობს

პენტაგონის წარმომადგენელმა ამერიკული მედიის კვალდაკვალ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ახალ სავარაუდო სცენარზე ისაუბრა. ვაშინგტონის მონაცემებით მოსკოვმა დივერსანტების ჯგუფი მოამზადა ქვეყნის აღმოსავლეთში “სხვისი დროშის ქვეშ“ ოპერაციის ჩასატარებლად, რათა უკრაინაში შეჭრის საბაბი შექმნას.

ოქტომბერში ამერიკული მედია დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით საუბრობდა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების კონცენტრაციის გაზრდაზე. მოგვიანებით მათ ოფიციალური პირები შეუერთდნენ. ამერიკული მხარის მონაცემებით წლის ბოლოსთვის ამ მიმართულებით დაახლოებით 100 ათასი რუსი სამზედრო იყო თავმოყრილი.

მოსკოვი აცხადებს, რომ არ ემზადება თავდასხმისთვის და შეუძლია საკუთარ ტერიტორიაზე საკუთარი ჯარები საკუთარი შეხედულებებისამებრ გადაადგილოს. ამის შესახებ მან აშშ–სთან, ნატოსთან და ეუთოსთან მოლაპარაკებებზეც განაცხადა მიმდინარე კვირას. ამ მოლაპარაკებებმა უშედეგოდ ჩაიარა.

პარასკევს კი, მოლაპარაკებების სამი რაუნდის დასრულების შემდეგ სიენენმა და სხვა მედიამ ახალი ვერსიის შესახებ განაცხადეს. აშშ–ს აქვს ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებს, რომ რუსეთმა მოამზადა დივერსანტების ჯგუფი უკრაინის აღმოსავლეთში ოპერაციის ჩასატარებლად “სხვისი დროშის ქვეშ“. ამის შესახებ სიენენ–ს  ამერიკული ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომლის ვინაობა არ სახელდება.

ანალოგიური ცნობები გამოჩნდა გაზეთ Washington Post–ში, ასევე სააგენტო როიტერში, ფრანს პრესსა და ბლუმბერგში. როიტერმა ზუსტად იგივე ციტატა მოიყვანა, რაც სიენენმა.

ამავდროულად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველომ პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები პროვოკაციას ამზადებენ რუსი სამხედროების წინააღმდეგ არაღიარებულ დნესტრისპირეთში, რათა თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულონ. საქმე ეხება არტილერიის საწყობებს უკრაინის საზღვართან, რომლებსაც რუსი სამხედროები იცავენ.

აშშ–ს პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ჯერ კიდევ ხუთშაბათს თქვა, რომ ამერიკის დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი ამზადებს ნიადაგს უკრაინაში შეჭრის საბაბის ფაბრიკაციისთვის.

“ჩვენ ვნახეთ ეს გეგმა მოქმედებაში 2014 წელს. ისინი კვლავ ამზადებენ ამ გეგმას“– ამტკიცებს სალივანი.

პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ პარასკევს თავის განცხადებაში ასევე გაიხსენა ყირიმის 2014 წლის ანექსია.

კირბიმ ოფიციალურად გაახმოვანა ვერსია, რომლის მიხედვით აშშ–ს აქვს ინფორმაცია, რომელიც მეტყველებს, რომ რუსეთი აქტიურად მუშაობს შესაძლო შეჭრის საბაბის შესაქმნელად.

სიენენის მსგავსად პენტაგონის პრესმდივანი ამტკიცებს, რომ რუსეთმა დივერსანტების ჯგუფი მოამზადა ოპერაციის ჩასატარებლად სხვისი დროშით, რამაც ისეთი შთაბეჭდილება უნდა დატოვოს, თითქოს უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობას ან რუს სამხედროებს თავს დაესხნენ.

პენტაგონის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა იმის ნიშნებზე, რომ დაიწყო გარკვეული მტკიცებულებების ფაბრიკაცია სოციალურ ქსელებში. მან ხაზი გაუსვა, რომ არ შეუძლია დეტალებზე საუბარი.

კრემლის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა პუბლიკაციებს რუსული პროვოკაციის მზადების შესახებ რეალობასთან შეუსაბამო უწოდა და თქვა, რომ ყველა ეს განცხადება ცარიელი სიტყვებია და არაფრით დასტურდება.კრემლში თვლიან, რომ შესაძლო შეჭრის შესახებ პუბლიკაციები აშშ–ს ხელისუფლების პროვოკაციაა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინაში შეჭრის მზადებით, რამაც შეიძლება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა და სამხედრო დანაშაულები გამოიწვიოს,თუ დიპლომატია თავის მიზნებს ვერ მიაღწევს.

აშშ–სა და მისი მოკავშირეების მოლაპარაკებები რუსეთთან ამ კვირაში ჩიხში შევიდა. ახლო მომავალში მოლაპარაკებების ახალი რაუნდი არ იგეგმება.

14 იანვარს გამთენიისას ხაკერებმა უკრაინის სამინისტროების საიტები გატეხეს და მუქარის შემცველი მიმართვები გაავრცელეს. ნატოში აცხადებენ, რომ მზადდება უკრაინასთან შეთანხმების ხელმოწერა კიბერუსაფრთხოების სფეროში.