აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ზაზა გახელაძე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ზაზა გახელაძის გატაცებას ეხმაურება.

უწყების პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ გმობს რუსი სამხედროების მიერ დაჭრის ფაქტს და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ.

„მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის დაჭრას და დაკავებას რუსული სამხედრო ძალების მიერ და მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ რუსეთისგან, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”, –წერია განცხადებაში.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და გაიტაცეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, ლია გიგაურის ინფორმაციით, ის ახალგორის საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.