აშშ-მა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის დამატებით 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. პაკეტში შემავალი შეიარაღების სრული სია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 9 მაისს გამოაქვეყნა. დახმარება უზრუნველყოფილია არა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან, არამედ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ნაწილია, რომლის ფარგლებშიც აშშ შეიარაღებას თავდაცვის ინდუსტრიისგან ან პარტნიორებისგან ყიდულობს.

USAI-ის პროგრამის თანახმად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის საჭირო სამხედრო დახმარებას პარტნიორებისგან იყიდის და ის არ იქნება პენტაგონის რესურსებიდან.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:

  • საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები და საბრძოლო მასალა
  • დასავლური გამშვები მოწყობილობების, რაკეტებისა და რადარების უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ინტეგრაციისთვის საჭირო აღჭურვილობა
  • დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო მასალა
  • 155 მმ საარტილერიო ჭურვები
  • კომერციული სატელიტური გამოსახულების მომსახურება
  • წვრთნებში, შეიარაღების შეკეთებასა და მომსახურებაში დახმარება

“აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინამ შეძლოს დააკმაყოფილოს ბრძოლის ველზე მისი გადაუდებელი და გრძელვადიანი საჭიროებები”, – თქვა პენტაგონმა.