ამერიკამ პირველ რიგში თვალი ღმერთს მიაპყრო – პატრიარქის წერილი რობერტ რედფილდს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ მეორემ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორს, რობერტ რედფილდსა და აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს წერილები მისწერა.

წერილებში, რომელსაც საპატრიარქო აქვეყნებს, პატრიარქი მადლიერებას გამოხატავს, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ინიციატივით, საქართველოში გაიხსნება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეგიონალური ოფისი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში 10 ქვეყანას მოემსახურება.

პატრიარქი რედფილდს წერს, რომ რომ აშშ-მა პანდემიისას “თვალი ღმერთს მიაპყრო” და მსოფლიოს მაგალითი უჩვენა.

„ბატონო რედფილდ, გულითადად მოგესალმებით და მოგმართავთ ქრისტესმიერი სიყვარულით. მე კარგად მახსოვს თქვენთან შეხვედრა და არც არასდროს დამავიწყდება ის განწყობა, რაც თქვენ დაგვიტოვეთ. სიმართლე გითხრათ, არც მეგონა, რომ მსოფლიო მასშტაბის არსებული რთულის ვითარების პირობებში წლის ბოლოსთვის შესაძლებელი გახდებოდა საქართველოში გახსნილიყო დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეგიონალური ოფისი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში 10 ქვეყანას მოემსახურება.

მიიღეთ ჩვენი მადლიერება თქვენდამი და თქვენი ქვეყნისადმი.

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ამერიკამ, რომელსაც უძლიერესი სამედიცინო სისტემა და ეკონომიკა აქვს, პანდემიის ურთულესი პერიოდი გაიარა არა მარტო ადამიანური შესაძლებლობების იმედად, არამედ, პირველ რიგში, თვალი ღმერთს მიაპყრო და ამით მაგალითი უჩვენა მსოფლიოს.

შევთხოვ უფალს მოგმადლოთ ჯანმრთელობა, ხოლო თქვენს ქვეყანას არ მოაკლოს მშვიდობა და ღვთის მფარველობა“, – წერია პატრიარქის მიერ რობერტ რედფილდსადმი გაგზავნილ წერილში.

პატრიარქმა სამადლობელო წერილი გაუგზავნა კელი დეგნანსაც. კელი დეგნანი საპასუხო წერილში წერს, რომ მადლობელია საპატრიარქოს მხარდაჭერით და აშშ ელის “პატრიარქთან და ქართული საზოგადოების სხვა ლიდერებთან ურთიერთობის შემდგომ შესაძლებლობებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად”.

ამ დროისთვის ამერიკაში კორონავირუსით 2 მილიონ 837 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 131 485 ადამიანი გარდაიცვალა.