აშშ-მ Johnson & Johnson-ის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა – რა ვიცით მის შესახებ

აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Johnson & Johnson-ის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა.

BBC-ის ინფორმაციით, Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებთან შედარებით Johnson & Johnson–ს ვაქცინის შენახვა საყინულის ნაცვლად მაცივარშიც შეიძლება.

აშშ-ში, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინა 85%-ით ეფექტურია დაავადების მძიმე ფორმების პრევენციისთვის, ხოლო 66%–ით ეფექტურია საშუალო სიმძიმის შემთხვევების დროს. მათგან, ვინც კვლევის ფარგლებში ვაქცინა მიიღო, კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა და ვაქცინის მიღებიდან 28 დღის განმავლობაში არავის დასჭირვებია ჰოსპიტალიზაცია.

ვაქცინას ბელგიური კომპანია Janssen აწარმოებს. სხვა ვაქცინებისგან მას ის განასხვავებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციისას მისი მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი. კომპანია წლის ბოლომდე აშშ-ს ვაქცინის 100 მილიონი დოზა უნდა მიაწოდოს. აშშ–ს მოსახლეობისთვის პირველი დოზები ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო კვირაში.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ვაქცინის დამტკიცება “ყველა ამერიკელისთვის ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია”, თუმცა ისინი არ უნდა მოდუნდნენ.

Jonson & Jonson-ის ვაქცინა ასევე შეუკვეთეს დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, კანადამ და კოვაქსის პლატფორმამ.